სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. ამირან ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია პირველად პანკისის სათემო რადიომ გაავრცელა.

როგორც პანკისის სათემო რადიო Radio Way წერს, 21 წლის ამირან ბორჩაშვილი საქართველოდან სირიაში 2015 წლის აგვისტოში წავიდა, თანასოფლელთან, ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად. ასლანბეგ ბორჩაშვილი სირიაში 2016 წლის ივნისში დაიღუპა. მათივე თქმით, ორივე მათგანი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში იბრძოდა.

რადიოს ინფორმაციით, საქართველოდან თურქეთის გავლით ისინი სირიაში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით უკვე დაკავებული ჰყავდა სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი.