პრემიერი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჟურნალისტის მიერ რამდენჯერმე ჩაკითხვის მიუხედავად, მან არ დააკონკრეტა რა თემაზე.

"არსებობდა ერთ-ერთი ინიციატივა... ჩემი ვალდებულებაა მოვახდინო საკითხის შეჯერება და გადაწყვეტილების მიღება. აზრთა თანხვედრაა და ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში... აქ საკითხი ეხებოდა პროფესიულ თემას, აზრთა სხვადასხვაობას", — აღნიშნა ბახტაძემ და განმარტა, რომ დისკუსიისას ულტიმატუმს არავის წაუყენებია.

დღეს, 12 მარტს მთავრობის სხდომის დაწყებამდე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ ის რჩება მმართველი გუნდის წევრად. მისი თქმით, სადავო საკითხზე გუნდში შეთანხმება შედგა. სწორედ სადავო საკითხებს ასახელებდა ის გადადგომის შესაძლო მიზეზად.