უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების შეზღუდვის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია საქართველოში აკრედიტირებული კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"აღნიშნული კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებას კრძალავს", — განმარტავს ოთარ დანელია.

კანონპროექტით კვლავ იგეგმება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების შეზღუდვა. მათ ეს უფლება მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ მემკვიდრეობით მიიღებენ. იურიდიული პირის შემთხვევაში წილის 50 პროცენტზე მეტს საქართველოს მოქალაქე უნდა ფლობდეს. უცხოელის ან უცხოური კომპანიის მიერ საქართველოში დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარადგინონ საინვესტიციო გეგმა.

"საინვესტიციო გეგმა ხელს უნდა უწყობდეს ეროვნული უსაფრთხოების დაცვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას", — განაცხადა ოთარ დანელიამ.

პარლამენტის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციითვე ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯარიმა დაეკისრება, თუ ის მიწას არ დაამუშავეს. აღნიშნული წესი არ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეებზე.

საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 7 დეკემბერს გააუქმა.

გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოცხადდა, რადგან სასამართლომ ამ საკითხზე ამ დრომდე ორჯერ, 2012 და 2014 წლებში უკვე იმსჯელა. ორივე შემთხვევაში ის სამართლებრივი ნორმა გააუქმა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთრების უფლებას უზღუდავდა.

2017 წლის ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციაში ცვილება შეიტანა, რომელის მიხედვითაც (მუხლი 19): სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. აღნიშნული ცვლილება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის დღიდან შევიდა ძალაში.

შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური იყო: "ქართული ოცნება უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას გეგმავს", რაც შეიცვალა.