თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელის, ქაზიმ გახრამანოვის შესაძლო ცემასა და ფულის გამოძალვის საქმეზე სამხედრო პოლიციაში გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — 386-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევასა და ფულის გამოძალვას გულისხმობს.

მათი ცნობით, სამხედრო პოლიციამ წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი, დაცვის უზრუნველყოფის ასეულის მორიგე უკვე გამოკითხა. მათივე ინფორმაციით, სერჟანტი წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ წინასწარი გამოკითხვის შედეგად, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე პირი "კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს".

სამხედრო მოსამსახურე, ქაზიმ გახრამანოვი ამტკიცებს, რომ მეთაურის თანდასწრებით ფული მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი სცემეს.