საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მოუწოდებს არ გაავრცელონ ე.წ. ტროლების სია გადაუმოწმებლად. ქარტია აღნიშნავს, რომ სიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ გადაუმოწმებლად გავრცელდა იმ ადამიანთა ფოტოები, რომელთაც იდენტური სახელები და გვარები აქვთ.

"[სია] ცხადია ტოვებს შესაძლებლობას, რომ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ამ სიასთან... ქარტიის საბჭო ხედავს საფრთხეს, რომ სხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელონ სია და დამატებითი პრობლემები შეუქმნან ამავე სახელისა და გვარის მქონე პირებს", — აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებით, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში გავრცელდა 17 კაციანი სია, რომელში ჩამოთვლილი პირები შესაძლოა ე.წ. ტროლები იყვნენ. სიაში ჩამოთვლილ სახელებსა და გვარებს არ ახლდა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი (პირადი ნომერი და ა.შ.). ამ გარემოების გამო ყველა იმ ადამიანთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, ვისაც სიაში მყოფი პირების იდენტური სახელები და გვარები აქვთ.