დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair სომხეთის საავიაციო ბაზარზე შესვლას და ევროპის მიმართულებით ფრენებს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხეთის ბიურო ადგილობრივი მთავრობის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ტატივიკ რევაზიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირლანდიაში კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გაიმართა.

"მივიღეთ წინადადება და ახლა ამ წინადადებას განვიხილავთ. მათ ნათლად მიანიშნეს, რომ 2020 წელს [სომხეთის საავიაციო] ბაზარზე შესვლა სურთ", — ამბობს ის და განმარტავს, რომ ბილეთი საშუალოდ 40 ევრო ეღირება.

საქართველოში რაინეარის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. თუმცა ეს საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება და ჯერჯერობით უცნობია, როდის შემოვა საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია.