თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაზეთ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ განცხადება ნაციონალური მოძრაობის რევანშზე, მუქარის მიღების დღესვე დაწერა, თუმცა გულწრფელად. ინტერვიუს ფრაგმენტს IPN ავრცელებს:

"მივხვდი, რომ არჩევანის წინაშე მაყენებდნენ და რაღაც უნდა გამეკეთებინა, დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა ნაციონალების დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ".

რაც შეეხება "გახარიას წერილში" ნახსენებ სხვა მოთხოვნებს, ხაზარაძე ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ "თავში არ გაუვლია, რომელიმე ტელევიზიის საქმიანობაში ჩარეულიყო:

"მივსულიყავი ავთო წერეთელთან და მეთქვა, იცი, მე პრობლემები მაქვს პროკურატურასთან და ამიტომ შენზე ზეწოლა უნდა მოვახდინო-მეთქი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რატომ იყვნენ ასე დარწმუნებული, რომ ამას გავაკეთებდი, არ ვიცი. ეტყობა, ეჭვობდნენ, რომ TV პირველთან რაღაც კავშირი მაქვს".

6 მარტს მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ თქვა, რომ ხაზარაძემ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განცხადებით, რომ "მისთვის ნაციონალური მოძრაობის რევანში მიუღებელია", მოთხოვნა შეასრულა. ადვოკატი განმარტავს, რომ მოთხოვნის შესრულების მოტივი იყო, რომ თიბისი ბანკისთვისა და ანაკლიისთვის საფრთხე აეცილებინა.

მანამდე, პროკურატურამ გაასაჯაროვა თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ მტკიცებულებად წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც ხაზარაძის განცხადებით, ამტკიცებს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია მას ემუქრებოდა.

წერილის მიხედვით, ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ. პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეკომპანია იმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღმდეგ. მეორე — ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე — ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.