შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეული-კაზრეთის სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ქურდობისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მარნეული-კაზრეთის რკინიგზის სოფელ ჭაპალის მონაკვეთზე ლიანდაგიდან დეტალების მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც ის ამავე ტერიტორიაზე მომუშავე რკინიგზის თანამშრომელმა შენიშნა. შსს-ს მტკიცებით, ბრალდებულმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ნაძარცვი დეტალებით მიმალვას აპირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს.

უწყების ცნობითვე, დადგინდა ისიც, რომ დაკავებულმა 13 თებერვალს მარნეული-კაზრეთის რკინიგზის 27-ე კილომეტრიდან ლიანდაგის დეტალები მოიპარა. გამოძიება ძალადობით ჩადენილ ძარცვის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.