თანაბარი ანაზღაურების მოთხოვნით ფეხბურთში აშშ-ს ქალთა ნაკრები ფედერაციას სასამართლოში უჩივის. მომჩივანეები მოითხოვენ, რომ მათ იმდენივე გადაუხადონ, რამდენიც კაც ფეხბურთელებს და მიუთითებენ, რომ წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი იყვნენ.

კოლექტიური სარჩელი 28 ფეხბურთელმა 8 მარტს შეიტანა. სარჩელში აღნიშნულია, რომ დიდი ხნის გამავლობაში კაც ფეხბურთელებთან შედარებით, ქალები მოგზაურობისას ნაკლებად კომფორტულ გარემოში იყვნენ და ვარჯიშისთვის უფრო ცუდი პირობები ჰქონდათ.

ამავე დროს, აშშ-ს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა იმაზე მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე კაცების ნაკრებმა. მათ სამჯერ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი და ოთხჯერ გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები.

მანამდე, აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ მსგავსი დისბალანსი სხვადასხვა მიზეზით იყო განპირობებული და, მათ შორის ფიფას ნორმებზე მიუთითებენ. მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კაცების 32 ნაკრები 400 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებას იღებენ, ხოლო ქალების 24 ნაკრები — მხოლოდ 30 მილიონ აშშ დოლარს.

მსგავსი სარჩელი ფეხბურთელებმა 2016 წელსაც შეიტანეს. მაშინ ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ბევრი სხაობა კაცებისა და ქალების გუნდებს შორის ცალ-ცალკე არსებული კოლექტიური შეთანხმების შედეგია. მათივე თქმით, ქალების გუნდმა ანაზღაურების თავისი სტრუქტურა შექმნა და გარანტირებული ანაზღაურება აქვთ, რა დროსაც კაცებს თამაშის მიხედვით უხდიან.