საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ სუპერმარკეტების ქსელ ფრესკოს დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის ბრალდებები სერიოზულია და დადასტურებას საჭიროებს.

ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში გუშინ 8 მარტს განაცხადა, სადაც თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მისი მაღაზიებიდან პროდუქციას იპარავენ და იარაღს "ატრიალებენ".

"როცა ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებ ვინმეს უნდა დაადასტურო ან ცრუ დასმენისთვის პასუხი უნდა აგო. თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი მე ვიქნები, რომელიც მოითხოვს ასეთი გამოძიების დასრულებას უმოკლეს ვადაში", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მთავრობა თითოეულ ადამიანს სცემს პატივს, რომელიც "თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის ქვეყანაში".

ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვით გირჩის განცხადებას უპასუხა, სადაც ქართველი ბიზნესმენები იყვნენ გაკრიტიკებულები. სოფრომაძემდე გირჩის კრიტიკას ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამაც უპასუხა. მისი თქმით, ბიზნესი ჩუმად არაა და მან ზუსტად იცის, როდის რა თქვას". გირჩმა ქართველ ბიზნესმენებს განცხადებით მას შემდეგ მიმართა, რაც თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა.