ალბათ ახალი ამბავი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ამინდს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი წვიმას ადამიანის ქცევაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა შეიძლება არ გიფიქრიათ, რომ, მაგალითად, წვიმისას კრიმინალის დონე მნიშვნელოვნად იკლებს.

2008 წელს მინესოტას უნივერსიტეტისა და ჩინეთის ლანჯოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლებშიც ისინი აცხადებდნენ, რომ მუსონურ ქარებს შესაძლოა ჩინეთის სამი სხვადასხვა დინასტიის დაცემაში მნიშვნელოვანი როლი ეთამაშათ.

მეცნიერები ამ დასკვნამდე გამოქვაბულებში არსებული სტალაგმიტების შესწავლით მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ პერიოდები, რომლებიც შემცირებული ატმოსფერული ნალექით ხასიათდებოდა ემთხვეოდა იმ პერიოდებს, როდესაც საზოგადოებაში უკმაყოფილება და კრიზისი ჩნდებოდა. მეცნიერთა თქმით, ასეთმა კავშირებმა როლი ტანგის, იუანისა და მინგის დინასტიების დაცემაში ითამაშა. ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი კი ბრინჯის მოსავლის შემცირება უნდა ყოფილიყო.

მაგრამ რა გავლენას შეიძლება ახდენდეს თანამედროვე სამყაროში წვიმა ადამიანების სოციალურ ქცევაზე?

2009 წელს New York Times-ის მიერ ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ ნიუ-იორკში წვიმიან დღეებში მკვლელობების რაოდენობა მკვეთრად ეცემოდა. 2015 წელს კი ბრიტანეთში, მანჩესტერის პოლიციის წარმომადგენელმა და პროფესორმა პიტერ ლანგმიდ-ჯოუნსმა გამოქვეყნა კვლევა, რომელიც მიუთითებდა, რომ ტემპერატურის 18 ცელსიუსამდე მატებისას დანაშაულის სიხშირეც იმატებდა, 18 ცელსიუსის ზემოთ კი კრიმინალი კვლავ იკლებდა.

"კვლევით ირკვევა, რომ რაც უფრო ძლიერია წვიმა, მით უფრო ნაკლებია დანაშაულიც. დიდი ხანია ცნობილია, რომ წვიმასა და ძალადობას შორის გარკვეული კავშირი არსებობს. მაგალითად, განვიხილოთ ოჯახური ძალადობა. ჩვენ ვიცით, რომ ოჯახში ძალადობას ხშირად ალკოჰოლის მოხმარება იწვევს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ წვიმაში ადამიანებს გარეთ გასვლა და ალკოჰოლის ყიდვა უფრო უჭირთ, რაც საბოლოოდ ძალადობის შემცირებულ მაჩვენებელს გვაძლევს", - აცხადებს ლანგმიდ-ჯოუნსი.

"ცუდ ამინდში ადამიანები გარეთ გასვლისა და დანაშაულის ჩადენისგან ხშირად თავს იკავებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გამოუვალ მდგომარეობაში არიან", - აცხადებს ფსიქოლოგი კერი ნიქსონი.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, 1997 წელს ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ ბავშვების ქცევით ცუდი ამინდისა და ქარიშხლების წინასწარმეტყველება შეიძლება. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები ყველაზე ცუდად მაშინ იქცეოდნენ, როდესაც ატმოსფერული წნევა ეცემოდა, ეს კი ქარიშხლებისა და წვიმის წინ ხდება. მეცნიერთა თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ატმოსფეროში დადებითი იონების მომატებული რაოდენობა იყოს, რომელიც სისხლის წნევის მატებასა და გაღიზიანებადობას იწვევს.

2012 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე კი მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ წვიმა ქალებზე უფრო დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, ვიდრე კაცებზე - წვიმიან დღეებში ქალები, კაცებთან შედარებით, ბევრად უფრო უკმაყოფილონი იყვნენ.

წვიმა მოქმედებს ჩვენს მადაზეც, მაგალითად, როდესაც ცაზე ღრუბლებია და მზის სხივები ჩვენამდე ვერ აღწევს, ადამიანის ორგანიზმში ჰორმონ სეროტონინის რაოდენობა იკლებს, რაც საბოლოოდ საკვების მიღების ძლიერი სურვილის აღძვრას იწვევს.

გარკვეული უარყოფითი თვისებების მიუხედავად, წვიმას რამდენიმე უპირატესობაც გააჩნია. მაგალითად, ადამიანების უმეტესობას წვიმის წვეთების ხმა ძალიან უყვარს, თანაც ეს ხმა ხშირად დაძინებაშიც გვეხმარება. ამ ფენომენის უკან არსებული თეორიის მიხედვით, წვიმის ხმა "ვარდისფერ ხმაურს" წააგავს, რომელიც ჩვენი ტვინის აქტივობას ამცირებს და ძილის ხარისხს აუმჯობესებს.

ამის გათვალისწინებით, წვიმის დროს, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, შესაძლოა საბანში გახვევა და კარგად გამოძინება იყოს.