NASA-სგან უსიამოვნო სიახლე შევიტყვეთ, ნასას ხომალდის, InSight-ის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს, სენსორულ ბურღს, რომელიც მარსის ზედაპირის ქვეშ 4,8 მეტრის სიღრმეზე უნდა ჩასულიყო, პრობლემა შეექმნა.

აღნიშნული შემთხვევა გვახსენებს, თუ რამდენად რთულია 54 მილიონი კილომეტრით დაშორებულ უკაცრიელ პლანეტაზე რობოტის მართვა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ InSight-ის სენსორული ბურღს მკვრივი ქვა ან ქვიშა გადაეღობა. ინსტრუმენტი გერმანული კოსმოსური ცენტრის (DLR) მიერ არის შექმნილი. სენსორულ ბურღს შეუძლია, რომ პატარა ქვებზეს გაუმკლავდეს, თუმცა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ ამჟამად სიფრთხილე გამოიჩინონ და მათ ბურღვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ბურღი კვლავ კარგ მდგომარეობაშია, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლისუნარიანობა შეზღუდულია, მას მხოლოდ გარკვეულ რაოდენობის დარტყმების გაკეთება შეუძლია, რის შემდეგაც ის დაბლაგვდება, თუმცა ჩვენ არ ვთვლით, რომ მას ახლო მომავალში რაიმე საფრთხე ემუქრება", - აცხადებენ მეცნიერები.

მისი შემქმნელების თქმით, ბურღი ამჟამად 15 გრადუსითაა დახრილი. ეს ბურღთან დაკავშირებული დაბრკოლებების პირველი შემთხვევა არ არის - გუნდმა მარსზე ბურღვა პროგრამული შეცდომის გამო დაგეგმილზე ორი დღით უფრო გვიან დაიწყო.

ამჟამად მეცნიერები ხომალდიდან ინფორმაციას აგროვებენ, მათ შორის არის InSight-ის მექანიკური ხელის მიერ გადაღებული მაღალი გარჩევადობის ფოტოებიც. DLR-ს თქმით, ხომალდი ბურღვას დაახლოებით ორი კვირით შეწყვეტს.

"საბოლოო გადაწყვეტილებას ინფორმაციის სრულად გაანალიზების შემდეგ მივიღებთ", - ნათქვამია DLR-ს ვებგვერდზე.

გვაქვს დადებითი სიახლეც, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბურღისა და მასთან დაკავშირებული სხვა სისტემების ტემპერატურა იმდენად არ დაეცა, რამდენადაც ისინი ელოდნენ. ეს ნიშნავს, რომ ხომალდის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ხანგრძლივი კალიბრაცია არ დასჭირდება.