ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი ფოტოწიგნის sHEROes პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა 2019 წლის 7 მარტს, სტოკჰოლმში, გალერეა Kulturfyran-ში გაიმართება.

ქართულ-ინგლისური წიგნი გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში" 2018 წელს გამოსცა. ამავე წელს, საქართველოში ჩატარებული 7 გამოფენისა და პრეზენტაციის შემდეგ, sHEROes-ის წარდგენა ლიეტუვის პარლამენტსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში შედგა.

sHEROes-ს შვედეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, შვედეთის სამხედრო აკადემიის მაგისტრანტი, მარიამ ორჯონიკიძე წარადგენს. პრეზენტაცია სწორედ მისი ინიციატივითა და "საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოებასთან" თანამშრომლობით ტარდება.

5 დღე, 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, 20000-ზე მეტი დევნილი, 22 დაკარგული სოფელი — ასეთია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ოფიციალური სტატისტიკა. ომის, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც 21-ე საუკუნის პირველ ომს ევროპაში.

ფოტო: დინა ოგანოვა

არაოფიციალური ზიანი კი, რომელიც საქართველოს მიადგა, გაცილებით მასშტაბურია და დროთა განმავლობაში, სულ უფრო და უფრო მტკივნეულად იჩენს თავს.

ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი sHEROes სწორედ ამ ომის ამბავია. ამბავი, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერსად ნახავთ და წაიკითხავთ. მისი მთავარი გმირები განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები არიან, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა. ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს. მათ შორის მათთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები — შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, რომ ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და ფეხზე წამოდგომაში სხვებსაც დახმარებოდნენ.

sHEROes სწორედ ასეთი ქალების, რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია. ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია — დანაკარგით, ტკივილით, ცრემლებით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე.

დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული. მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურ მოვლენადაა ქცეული. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებიდან ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს დღესაც იტაცებენ. მშობლიურ სახლებში დაბრუნებას კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 300 ათასამდე ადამიანი ელოდება.

ფოტო: დინა ოგანოვა

წიგნის ავტორები და ღონისძიების ორგანიზატორი მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე სალაპარაკოდ საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება უაღრესად მნიშვნელოვანია.