კინემატოგრაფიის დასაბამიდან ისეთი მრავალფეროვანი რესურსიდან, როგორიც ლიტერატურაა კინოადაპტაციის შექმნა მიღებული პრაქტიკაა.

უმეტესწილად, ეს ადაპტაციები კომერციულ მიმართულებას იძენს (ბესტსელერების ადაპტაცია) ან ნაკლებად ცნობილ ავტორს უწევს პოპულარიზაციას.

ფილმის სიუჟეტს ხშირად საჭიროების მიხედვით ცვლიან. რადგან კინემატოგრაფს აქვს საშუალებები იმანიპულიროს მოთხრობის სტრუქტურით. ცვლილებებს მიმართავენ მაშინაც, როცა სურთ უფრო ნათლად წარმოაჩინონ თემა, გამოკვეთონ პერსონაჟი ან გადაწყვიტონ ისეთ პრობლემები, რომლებიც ორიგინალ ნაწარმოებში არ არის.

ზოგიერთ შემთხვევაში ცვლილება შეაქვთ იმის გამოც, რომ ისტორია გახადონ უფრო საინტერესო ან მისაღები ფართო აუდიტორიისათვის.

წლიდან წლამდე კინო თუ ტელეინდუსტრია სულ უფრო ხშირად გვთავაზობს რომელიმე წიგნის ეკრანიზაციას ფილმის ან სერიალის სახით. მაგალითად, სულ მალე ნეტფლიქსი გაბრიელ გარსია მარკესის მარტოობის ასი წლის მიხედვით სერიალს გადაიღებს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

გთავაზობთ იმ რვა ეკრანიზაციას, რომელსაც 2019 წლის ბოლომდე ვიხილავთ:

Where'd You Go, Bernadette

ოსკარის ნომინანტმა რეჟისორმა რიჩარდ ლინკლეიტერმა ახალი ფილმი Where'd You Go, Bernadette გადაიღო. კინოსურათში მთავარ როლს ორი ოსკარის მფლობელი ქეით ბლანშეტი ასრულებს. ფილმი მარია სემპლის ბესტსელერი რომანის ადაპტაციაა. ისტორიის ეპიცენტრში კი აგორაფობიით (გაშლილი სივრცის შიში) შეპყრობილი ბერნადეტ ფოქსია (ქეით ბლანშეტი), რომელიც სახლიდან მას შემდეგ გარბის, რაც გაიგებს, რომ მისი ოჯახი არდადეგების გატარებას ანტარქტიდაზე აპირებს.

Pet Semetary

2019 წელს კინოეკრანზე სტივენ კინგის წიგნის ეკრანიზაცია გამოვა. შინაური ცხოველების სასაფლაო ექიმ ლუის კრიდისა და მისი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც პატარა ქალაქში ჩადიან საცხოვრებლად. კრიდების ახალი სახლი ტყესთანაა ახლოს აშენებული. ტყეში კი პატარა ბნელი სასაფლაოა, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები თავის ცხოველებს მარხავენ. კრიდების კატა ჩერჩი სატვირთოს ემსხვერპლება, ოჯახი კი მას სწორედ ამ სასაფლაოზე დამარხავს. სწორედ აქედან იწყება ოჯახის საზარელი თავგადასავალი.

Little Women

რეჟისორი, გრეტა გერვიგი ახალ ფილმს Little Women იღებს. ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ტიმოთი შალამეს, სირშა რონანი, მერილ სტრიპი, ემა უოტსონი, ლორა დერნი, ბობ ოდენკირკი, ლორა დერნი და ლუი გარელი შეასრულებენ. ფილმის სიუჟეტი მერი ლუის ალკოტის რომანს ეფუძნება და მას კინოსტუდიები Sony და Columbia გადაიღებენ. ეს ამ რომანის რიგით მეხუთე ეკრანიზაცია იქნება. აქამდე ფილმები უკვე გადაიღეს - 1933, 1949, 1994 წელს, 2017 წელს კი BBC-იმ რომანი სამ ეპიზოდიან მინისერიალად გამოუშვა. წიგნის ისტორია ოთხი დისა და მათი დედის გარშემო ვითარდება.

Catch-22

ჯორჯ კლუნი Hulu-ს ახალ დრამაში მთავარ როლს შეასრულებს. მისი ერთ-ერთი პარტნიორი კი ექიმი ჰაუსის როლის შემსრულებელი - ჰიუ ლორი იქნება. სერიალის სიუჟეტი ჯოზეფ ჰელერის რომანს Catch-22 ეფუძნება და ექვს ეპიზოდს გააერთიანებს. სიუჟეტი იტალიაში მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს და ამერიკელი ჯარისკაცების მისიაზე მოგვითხრობს.

Watchmen

HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის The Leftovers-ის შემქმნელი დეიმონ ლინდელოფი ახალი პროექტისთვის ემზადება. არხმა სცენარისტსა და პროდიუსერს კიდევ ერთი პროექტი Watchmen დაუკვეთა, რომელიც DC-ის კომიქსზე იქნება დაფუძნებული და ლინდელოფთან ერთად მასზე, თავად ამ კომიქსის შემქმნელები, ალან მური და დეივ გიბონსი იმუშავებენ. როგორც ცნობილია, HBO-ს ამ კომიქსის მიხედვით სერიალის შექმნა ჯერ კიდევ 2014 წელს სურდა, თუმცა ლინდელოფის მოუცლელობის გამო პროექტი შეაჩერეს. სერიალში ერთ-ერთ როლს ჯერემი აირონსი ასრულებს. სერიალში უკვე დაამტკიცეს ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან - რეჯინა კინგი, დონ ჯონსონი, ტიმ ბლეიკ ნელსონი და ენდრიუ ჰოავრდი.

Little Fires Everywhere

Hulu-ს ახალ სერიალში მთავარ როლებს კერი ვაშინგტონი და რიზ უიზერსპუნი შეასრულებენ. შოუ 2017 წელს გამოსულ სელესტ ენჯის წიგნის ეკრანიზაცია იქნება. სერიალის სიუჟეტი ოჰაიოში ვითარდება და ის ახალ სამეზობლოში გადასული მარტოხელა დედის ამბავს მოგვითხრობს.

The Sun Is Also a Star

ფილმი ეკრანებზე მაისში გამოვა და ის ნიკოლა იუნის წიგნის მიხედვით არის შექმნილი. ისტორია ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტის შესახებ გვიყვება, რომელსაც სულ მალე დეპორტაცია ემუქრება. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ქვეყნიდან გაძევებამდე რამდენიმე დღით ადრე მას ბიჭი შეუყვარდება, რაც ქვეყნიდან წასვლას წარმოუდგენელს გახდის.

Good Omens

2019 წელს ტელეეკრანებს Amazon-ისა და BBC-ის ერთობლივი პროექტი დაიპყრობს. ნილ გეიმანისა და ტერი პრეჩეტის წიგნის, Good Omens-ის სატელევიზიო ეკრანიზაცია დღის სინათლეს 31 მაისს იხილავს. შოუში ანგელოზისა და დემონის როლებს დევიდ ტენანტი და მაიკლ შინი ასრულებენ. სერიალში ვიხილავთ ჰოლივუდის ორ დიდ ვარსკვლავს. ღმერთის პერსონაჟს ორი ოსკარის მფლობელი ფრენსის მაკდორმანდი, ხოლო სატანას ბენედიქტ კამბერბეტჩი გაახმოავანებს. სიუჟეტი აპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება, როდესაც კაცობრიობას უდიდესი სამსჯავრო ელის და ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც ეს ბიბლიაშია აღწერილი. თუმცა ბიბლიური სიუჟეტის განვითარებას ხელს ერთი ანგელოზი და დემონი უშლიან.