"პოლიტიკა და ბიზნესი ვერავისთვის იქნება ინდულგენცია, თუ სამართალი დარღვეულია", — ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თიბისის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

კობახიძე მამუკა ხაზარაძის მიერ მტკიცებულებად წარდგენილ დოკუმენტს "არასერიოზულს" უწოდებს. მისივე თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ ის, რაც სამართლებრივია:

"საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ამ ე.წ. მტკიცებულებას, ე.წ. კომპრომატს და შედეგად მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი".

გუშინ, 6 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხაზარაძის მიერ მტკიცებულებად გადაცემული დოკუმენტი გაასაჯაროვა. წერილში საუბარია იმაზე, რომ ტელეკომპანია პირველს იმედის მსგავსი სარედაქციო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს:

"უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)".

მამუკა ხაზარაძის მტკიცებით აღნიშნული წერილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასგან მიიღო, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე. ამის შესახებ მან 4 მარტს პარლამენტში განაცხადა.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმირებული იყო. მისი თქმით, გამოძების ნაცვლად, პასუხად მიიღო ბრიფინგი და ბრალდება ფულის გათეთრების საქმეზე. თუმცა, პროკურატურაში ხაზარაძის ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ დაკითხვისას ბიზნესმენმა მუქარა მხოლოდ ეროვნულ ბანკთან მიმართებაში გამოიყენა. უწყებაში განმარტავენ, რომ საუბარია ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, რომელშიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომის მოთხოვნაზე იყო საუბარი.

თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ეს არის "პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტიდან ჭორაობით იმუნიტეტი მოიპოვოს". მისივე თქმით, საკუთარ სიტყვებზე პასუხის გაცემა ყველას მოუწევდა.

გაიგეთ მეტი: რა ვიცით თიბისის საქმეზე — ყველაფერი მოკლედ