112-ის მობილურ აპლიკაციას ოჯახში ძალადობის განყოფილება დაემატა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, აპლიკაციაში დაინტერესებული პირები ინფორმაციას მოიძიებენ, თუ რა არის ოჯახში ძალადობა და როგორია მისი ფორმები, ასევე, როგორ მოიქცნენ, თუ ოჯახში ძალადობის პრობლემა აქვთ, ან იციან ამგვარი შემთხვევები შესახებ.

აპლიკაცია მათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სახელმწიფო მომსახურებების — თავშესაფრების, კრიზისული ცენტრებისა და ცხელი ხაზის (116 006) შესახებაც მიაწვდის ინფორმაციას. ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

112-ის მობილურ აპლიკაციას ჩუმი განგაშისა და ჩატის ფუნქციები აქვს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს საუბარი არ შეუძლია, ან დარეკვით საფრთხე ექმნება, მას SOS — ჩუმი განგაშის ან ჩატის ფუნქციების გამოყენება შეუძლია. SOS ღილაკზე დაჭერით 112-ის ოპერატორთან მოქალაქის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS კოორდინატები იგზავნება, დაფიქსირებულ ადგილზე კი პოლიცია მიდის. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის.