"ამ საქმის გარკვევას შერლოკი ნამდვილად არ სჭირდება, იმიტომ რომ ხაზარაძე აშკარად სიმართლეს ლაპარაკობს", — ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია თიბისი ბანკის საქმესა და მამუკა ხაზარაძის მიერ საგამოძიებო უწყებაში წარდგენილ იმ წერილს, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა.

თამარ კორძაია აცხადებს, რომ გამოქვეყნებული წერილის მეორე პუნქტში გაწერილი მოთხოვნა, რომელიც არჩევნების დროს ქართული ოცნების მხარდამჭერი განცხადების გავრცელებას ეხება, მამუკა ხაზარაძემ შეასრულა.

"ფაქტია, რომ ხაზარაძე არ არის მხოლოდ ადრესატი, ადრესატები არიან ტელევიზიის წარმომადგენლები და ხელისუფლების ინტერესი ყოველთვის იყო მართული მედია", — განუცხადა რუსთავი 2-ს თამარ კორძაიამ.

პროკურატურამ გაასაჯაროვა თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ მტკიცებულებად წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც ხაზარაძის განცხადებით, ამტკიცებს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია მას ემუქრებოდა. წერილის მიხედვით, ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ. პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეკომპანია იმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ. მეორე — ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე — ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.

ამავე თემაზე: