გადაცემაში - შეხვედრები რეგიონულ მედიასთან, იმედის ჟურნალისტმა ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს დემურ სტურუას საქმე გაახსენა და აღნიშნა, რომ ბრალდებული აქამდე მიმალვაში იმყოფება, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ სამართალდამცავები ამ საქმეში თანმიმდევრულად მოქმედებდნენ და ძიება გაგრძელდება:

"პირველ რიგში სამძიმარს გამოვუცხადებ დემურ სტურუას ოჯახს, ეს რა თქმა უნდა ტრაგიკული შემთხვევაა, პოლიცია კი თანმიმდევრული იყო. არ შეიძლება პირველივე შეკითხვაზე დააპატიმრონ თანამშრომლები. საუბედუროდ, სანამ პოლიცია თანმიმდევრულად მოქმედებდა, დამნაშავემ მოასწრო მიმალვა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ გაგრძელდება ძიება და დამნაშავე შესატყვისს მიიღებს".

შეკითხვას, რა რეფორმები უნდა გატარდეს სამართალდამცავ უწყებაში, რომ საზოგადოებამ დემურ სტურუას საქმის მსგავსი შემთხვევები და პოლიციელებისგან ძალის გადამეტების ფაქტები აიცილონ, ივანიშვილმა უპასუხა, რომ გატარებული რეფორმები საკმარისი არ იყო:

"რეფორმები უნდა გაგრძელდეს, კარგი იყო რაც გაკეთდა, თუმცა საკმარისი არ იყო. საზოგადოების და მედიის თვალთვალი უნდა გაღრმავდეს ამ მხრივ, რომ მეტი მოვითხოვოთ. ზოგადად, პოლიცია გარდაიქმნა იმასთან შედარებით რაც 4 წლის წინ იყო".

ივანიშვილმა დასძინა, რომ საზოგადოებამ ერთეული გადაცდომები არ უნდა განავრცოს მთელ სისტემაზე:

"ამ შემთხვევის გამო მთლიანად პოლიცია არ უნდა დავთრგუნოთ".

ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ შს მინისტრიც და მთავრობაც მოწოდებულია, რომ ხალხის სამსახურში იყვნენ.

შეხვედრები რეგიონულ მედიასთან - ასე ჰქვია ტელეკომპანია GDS-ის ახალ საარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს. გადაცემას 20:30-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი უძღვებიან.