Netflix-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ გაბრიელ გარსია მარკესის რომანის მარტოობის ასი წელი ეკრანიზაციის უფლება შეიძინა.

გამოქვეყნებიდან 50 წლის შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც რომანი წიგნის ფურცლებიდან ეკრანზე გადაინაცვლებს.

როგორც ცნობილია, ეკრანიზაციის პროდიუსერები მარკესის შვილები, როდრიგო და გონსალო გარსიები იქნებიან.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ გაიზარდა ხარისხთან ერთად სერიალების პრესტიჟი. ნეტფლიქსი კი ერთ-ერთი მოწინავეა იმ კომპანიებს შორის, რომლებიც საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს უწესებენ. გარდა ამისა, ნეტფლიქსი არ ერიდება უცხოენოვანი კონტენტის შექმნას", - ამბობენ მარკესის შვილები.

მარკესის რომანი პირველად 1967 წელს გამოვიდა და მასში მაკონდოში დასახლებული ბუენდიების გვარის ამბავია მოთხრობილი.