მთავარი პროკურატურა და საპარლამენტო უმრავლესობა თიბისის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წარდგენილ წერილზე იდენტურ განცხადებებს ავრცელებენ. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ წერილში შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია დაემუქრა, ხოლო პროკურატურა და უმრავლესობა ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ წერილი "ქაღალდზეა ამობეჭდილი" და მას მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ აქვს.

გთავაზობთ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძისა და პროკურორ კოკა კაციტაძე განცხადებებს "გახარიას წერილზე".

არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობა

წერილი, რომელზეც იყო საუბარი, რეალურად არის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი, რომელსაც მთავარი ამიდენტიფიცირებელი ნიშნები, თუ ვის გაეგზავნა ან ვისგან იყო გამოგზავნილი, არ აქვს. რა უნდა ჩავთვალოთ მთავარ მტკიცებულებად? რეალურად ჩვენ ვნახეთ ამობეჭდილი ქაღალდის ასლი, რომლის არც ავტორი ჩანს, არც შედგენის თარიღია და როგორც ვთქვი, არც სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ამ მოცემულობით წერილს არ გააჩნია.

კოკა კაციტაძე, მთავარი პროკურატურა

მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა.

"გახარიას წერილი"

4 მარტს პარლამენტში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების წინ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმირებული იყო. მისი თქმით, გამოძების ნაცვლად, პასუხად მიიღო ბრიფინგი და ბრალდება ფულის გათეთრების საქმეზე. თუმცა, პროკურატურაში ხაზარაძის ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ დაკითხვისას ბიზნესმენმა მუქარა მხოლოდ ეროვნულ ბანკთან მიმართებაში გამოიყენა. უწყებაში განმარტავენ, რომ საუბარია ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, რომელშიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომის მოთხოვნაზე იყო საუბარი.

თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ეს არის "პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტიდან ჭორაობით იმუნიტეტი მოიპოვოს".

ამავე თემაზე: