ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. შენგელია Facebook-ზე წერს, რომ ია კერზაია ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას შეეწირა. ია კერზაია წინსაარჩევნო პერიოდში მიღებული ინსულტის შედეგად 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

"თქვენ დღეს გაქვთ ანგარიშის წარდგენა საქართველოს პარლამენტში და იქნებ, სადმე, როდესმე მაინც გეხსენებინათ ია კერზაიას საქმე, უბრალოდ გეთხოვათ საგამოძიებო უწყებისთვის გამოეძიებინა ეს საქმე. ნუთუ ვერ გრძნობთ, რომ ეს საქმე მანამ იქნება თქვენს კარიერაში დიდ შავ ლაქად, სანამ სავარაუდო დამნაშავეები, ყველა უკლებლივ, მიხეილ ბატიაშვილის ჩათვლით არ იქნებიან გასამართლებული კანონის მთელი სიმკაცრით", — წერს შენგელია.

ის აღნიშნავს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ამ საქმით არ დაინტერესდა, მასში ქალური სოლიდარობა მაინც უნდა გაჩენილიყო. მისივე თქმით, ზურაბიშვილის ზუგდიდში ჩასვლა და გიგა ოთხოზორიას სახლში მისვლა არ იყო გულწრფელი.

"სად არის თქვენი შვილი ახლა, რომელიც ამბობდა, რომ დედა დაუთმო საქართველოს და რომელიც სამარცხვინოდ, დებატებში იწვევდა თქვენი კონკურენტის შვილს? დედა მე დავუთმე საქართველოს, ის შეეწირა იმ ღირებულებებს და პრინციპებს რასაც ქვეყნის, საკუთარი საქმის და მომავალი თაობის სიყვარული ჰქვია. მე წამართვა დედა თქვენმა ძალადობრივმა საარჩევნო კამპანიამ და თქვენ ახლა პრეზიდენტის რანგში გამოდიხართ პარლამენტში, მე კი მის დანატოვარ ნივთებს და ფოტოსურათს ვეფერები. ნუთუ, ეს არის სამართალი? არ არის ეს სამართალი, არა", — აღნიშნავს შენგელია.

ია კერზაიას გარდაცვალების საქმე

ზუგდიდის სკოლის ყოფილი დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე, ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ, რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი შევიდა და შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო ია კერზაიას დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებდნენ.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, რაც, მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. საქართველოს განათლების სამინისტროსა და სხვა სახელისუფლებო უწყებების თქმით, საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.