მოსკოვში ორგანიზაცია დეკომუნიზაციის ორი აქტივისტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ იოსებ სტალინის ძეგლს გადატეხილი ყვავილები ესროლეს. შემთხვევა 5 მარტს მაშინ მოხდა, როდესაც სტალინის საფლავთან კომუნისტები საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერს, იოსებ სტალინს პატივს მიაგებდნენ.

ერთ-ერთი აქტივისტის, ევგენია სუჩკოვას თქმით, მან სტალინის ძეგლს გადატეხილი მიხაკი ესროლა და დაიყვირა: "ჯოჯოხეთში დაიწვი, ხალხის ჯალათო, ქალებისა და ბავშვების მკვლელო". ორივე აქტივისტი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. კომუნისტები, მათ შორის საპარლამენტო პარტია რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია ყოველწლიურად ატარებს აქცია "ორი მიხაკი ამხანაგ სტალინს". აქციის დროს კომუნისტები წითელ მოედნის კედელთან, სტალინის საფლავთან მიდიან და ყვავილები მიაქვთ.

2017 წელს ლევადა-ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 39 პროცენტი, რომელმაც სტალინის რეპრესიების შესახებ იცის, მას დანაშაულად მიიჩნევს. რესპონდენტების მეოთხედმა სტალინის რეპრესიები "პოლიტიკურ აუცილებლობად" განმარტა. ხოლო 36 პროცენტი მზადაა, რომ სტალინის ეპოქაში მიღწეული შედეგებით ადამიანური მსხვერპლი გაამართლოს.