პროკურატურამ გაასაჯაროა თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ მტკიცებულებად წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც ხაზარაძის განცხადებით, ამტკიცებს იმას, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია მას ემუქრებოდა. On.ge-ს თიბისი ბანკში, რომ სწორედ ეს წერილი მიაწოდა ხაზარაძემ პროკურატურას.

დოკუმენტში, რომელიც ამობეჭდილი ფურცელია და არ ხდება იდენტიფიცირება თუ ვის ეკუთვნის ხსენებულ სიტყვები, ვკითხულობთ:

  • დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს;
  • ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

  1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);
  2. მ.ხ-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);
  3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.
  • ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე;
  • წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის.

ფოტო: პროკურატურა

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხაზარაძის მიერ გახარიას მიმართ ბრალდებაზე ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გადაამოწმებენ, რადგან ბიზნესმენის წარდგენილი დოკუმენტი კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტია და ავთენტიკურობის დადგენა შეუძლებელია.

საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ წერილი მას შუამავლმა მიაწოდა. ხოლო, როცა შუამავლის დასახელება ითხოვეს, პროკურორის ცნობით, გაუგებარი მიზეზით ხაზარაძემ შუამავალი არ დაასახელა. თავად მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ წერილი ლონდონში ექსპერტიზაზე გაგზავნეს.

შს მინისტრისგან მუქარის სავარაუდო წერილზე მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში 4 მარტს ისაუბრა. ბიზნესმენის თქმით, წერილში ეწერა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმირებული იყო. მისი თქმით, გამოძების ნაცვლად, პასუხად მიიღო ბრიფინგი და ბრალდება ფულის გათეთრების საქმეზე. თუმცა, პროკურატურაში ხაზარაძის ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ დაკითხვისას ბიზნესმენმა მუქარა მხოლოდ ეროვნულ ბანკთან მიმართებაში გამოიყენა. უწყებაში განმარტავენ, რომ საუბარია ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, რომელშიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომის მოთხოვნაზე იყო საუბარი.

თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ეს არის "პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტიდან ჭორაობით იმუნიტეტი მოიპოვოს". მისივე თქმით, საკუთარ სიტყვებზე პასუხის გაცემა ყველას მოუწევდა.