საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ ბრალდებაზე ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გადაამოწმებენ. ამის შესახებ პროკურატურაში ჩანიშნულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა ისაუბრა.

"გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო", — აღნიშნა პროკურორმა.

მისი განმარტებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ასაჯაროებენ იმ დოკუმენტს, რომელიც ხაზარაძემ მათ მუქარის მტკიცებულებად წარუდგინა. On.ge-ს თიბისი ბანკში, რომ სწორედ ეს წერილი მიაწოდა ხაზარაძემ პროკურატურას.

ტყეშელაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ წერილი მას შუამავლმა მიაწოდა. ხოლო, როცა შუამავლის დასახელება ითხოვეს, პროკურორის ცნობით, გაუგებარი მიზეზით ხაზარაძემ შუამავალი არ დაასახელა. თავად მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ წერილი ლონდონში ექსპერტიზაზე გაგზავნეს .

4 მარტს პარლამენტში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების წინ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმირებული იყო. მისი თქმით, გამოძების ნაცვლად, პასუხად მიიღო ბრიფინგი და ბრალდება ფულის გათეთრების საქმეზე. თუმცა, პროკურატურაში ხაზარაძის ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ დაკითხვისას ბიზნესმენმა მუქარა მხოლოდ ეროვნულ ბანკთან მიმართებაში გამოიყენა. უწყებაში განმარტავენ, რომ საუბარია ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, რომელშიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომის მოთხოვნაზე იყო საუბარი.

თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ეს არის "პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტიდან ჭორაობით იმუნიტეტი მოიპოვოს". მისივე თქმით, საკუთარ სიტყვებზე პასუხის გაცემა ყველას მოუწევდა.