საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან თავის დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ მისთვის ის ხალხიც მნიშვნელოვანია, რომლის წარმომადგენლებმაც მის მოხსენებას არ მოუსმინეს. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი პარლამენტში ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების არყოფნას.

"ძალიან ვწუხვარ, რომ აქ არის ცარიელი ადგილები, როცა ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის. ეს არ არის ჩემთვის შეურაცხყოფა, ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოს შეურაცხყოფა. ხალხი გვიყურებს და მე მათ მინდა ვუთხრა, რომ ამ ცარიელი სკამების უკან არსებობენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ასევე არიან ჩემთვის მნიშვნელოვანი", — თქვა პრეზიდენტმა.

ნაციონალურმა მოძრაოაბამ გუშინ, 5 მარტს განაცხადა, რომ სხდომას არ დაესწრებოდა, ხოლო ევროპულმა საქართველომ განცხადება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გაავრცელა.