საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლა საპარლამენტო სისტემის ბუნებრივი ნაწილია.

მისივე თქმით, ასეთ სისტემებში საკანონმდებლო უმრავლესობის მიღწევისთვის ან მთავრობის დამტკიცებისთვის ხანდახან საჭირო ხდება კოალიციების შექმნაც.

"მოვლენების ასეთი განვითარება არც უნდა გვიკვირდეს და არც უნდა იყოს აღქმული დესტრუქციულ ან საფრთხის შემცველ ფაქტორად, თუკი იგი არ ემუქრება ქვეყნის სტაბილურობასა და მის მთავარ კურსს", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამ პროცესებში დაშლა, გაერთიანება თუ გადაადგილება ნაკლებად მნიშვნელოვანია და უფრო საყურადღებოა პოლიტიკური დისკურსი, მკვეთრი განცხადებები, პირადი შეურაცხყოფის შემთხვევები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ხვალინდელი თანამშრომლობის ფორმატების შექმნას.

"ჩვენი ქვეყნის მდებარეობიდან, სტაბილურობის მაღალი ფასიდან და ჩვენი პერსპექტივებიდან გამომდინარე, ამის უფლება არ გვაქვს. მაღალი პასუხისმგებლობისა და პოლიტიკური კულტურის ვალდებულება გვაკისრია ყველას, ვინც ფიქრობს ხვალინდელ საქართველოზე და სახელმწიფოს გაძლიერებაზე", — განაცხადა ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას.

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა დატოვეს. შედეგად, ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.