საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე და პარლამენტს ცილისწამების შესახებ კანონის გამკაცრებაზე თავისი ინიციატივა კიდევ ერთხელ შეახსენა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პოლარიზაციამ უკიდურესი ხასიათი მიიღო და ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოება ელოდება ამ ვითარების ჩაცხრობას, "მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება".

"ეს შეუძლებელი იქნება, თუკი რაიმე ფორმით ცივილურ ჩარჩოებში არ მოვაქცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს, - დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ. როდესაც მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. ამის შედეგად საზოგადოება ინფორმაციის მიღმა შეიძლება დარჩეს, რაც მას ართმევს ანალიზის საშუალებას, გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს და აყალიბებს ძალადობრივ გარემოს. დაცული და ობიექტური ინფორმაციის გარეშე ვერც დემოკრატიული სისტემა და ვერც სახელმწიფო სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ის ფიქრობს, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედია "მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილისა და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია"

"იმ რეალობაში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, საზოგადოება, და პირველ რიგში — ახალგაზრდები ჩვენგან მაგალითს ელოდებიან. საზოგადოებრივი თანხმობა არის ერთადერთი პასუხი ამ მოლოდინზე", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ინიციატივას ცილისწამებისა და დეზინფორმაციის შესახებ კანონის გამკაცრებაზე ორმაგი დამოკიდებულება და შიში გამოიწვია, რომ სიტყვით თავისუფლება შეიზღუდებოდა.

"ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა არის უმთავრესი პრინციპი, რაზეც დგას თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო. მეორე მხრივ კი, ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციების სახით ემუქრება. ამ ფორმით არჩევნებში ჩარევა ან დესტაბილიზაციის პროვოცირება გახდა ახალი ხერხი მტრული ძალებისათვის", — თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, მის ინიციატივაზე უკვე გაიმართა კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან და ეს პროცესი გაგრძელდება. იმედი მაქვს, შევძლებთ ერთობლივი რეკომენდაციების წარდგენას.

საქართველოს პრეზიდენტისა და საპატრიარქოს შემდეგ გამოხატვის თავისუფლების რეგულირებაზე კანონმდებლებმაც ღიად დაიწყეს საუბარი. ამ მიმართულებით უმრავლესობის დეპუტატების ხედვა არაერთგვაროვანია. მათი ნაწილი ცილისწამების კანონის გამკაცრებაზე საუბრობს, ნაწილი კი სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ყველა მათგანი ირწმუნება, რომ ამ საკითხების დარეგულირებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი არ შეიზღუდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ცილისწამების კუთხით კანონის გამკაცრება საფრთხის ქვეშ დააყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.