საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობაში საკონფერენციო ცენტრი უნდა განთავსდეს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში მოხსენებითი გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის აზრით, საქართველოს აქვს რესურსი განავითაროს საკონფერენციო ტურიზმი და ყოფილი პარლამენტის შენობა ამისთვის საუკეთესო ადგილია.

"საკონფერენციო ტურიზმის ხელშეწყობა, ჩვენი ქვეყნისადმი არსებული მაღალი ინტერესისა და მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საიმედო და სწრაფად განსავითარებელ მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით ქუთაისში პრაქტიკულად უკვე გვაქვს საერთაშორისო მასშტაბის საკონფერენციო ცენტრი, კერძოდ, ყოფილი პარლამენტის შენობა", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი აზრით, ყოფილი პარლამენტის შენობას საკონფერენციო დანიშნულებისთვის არ სჭირდება რადიკალური ტრანსფორმაცია.

"ამავე დროს ეს იქნება ყველაზე სწორი გზა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის. წყალტუბოს სასტუმროთა ქსელი ბუნებრივად მიუერთდება ამ ახალ კომპლექს და საინვესტიციო მიზიდულობასაც შეიძენს", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრა. მთავრობა გეგმავს, 330 მილიონიან შენობაში შსს-ს მომსახურების ცენტრის ანალოგი განათავსოს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ეს იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი, სადაც სხვადასხვა საპოლიციო სერვისი იქნება გაერთიანებული.