"მე სულ თავისუფალი ვიყავი და ასეთაც დავრჩი დღესაც და ახლა ირაკლი არ არის თავისუფალი იმაში, რასაც ლაპარაკობს", — TV პირველის ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას თქმით, ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის თავისუფალი არ არის.

გრიგოლიას თქმით, მას ბესელიამ SMS მისწერა და სთხოვა ღარიბაშვილისთვის ეკითხა, როცა მას "ნაციონალების წისქვილზე წყლის დასხმაში" ადანაშაულებენ, "როგორ იცავს ნაციონალების მოსამართლეებს".

"არაფერი არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდება", — თქვა ღარიბაშვილმა პასუხად და დასძინა, რომ ყველაფერი გაირკვევა და თუ ბესელია მართალი აღმოჩნდება, გაუხარდება.

ღარიბაშვილი განმარტავს, რომ მას არცერთი მოსამართლე არ დაუცვია და აღნიშნა, რომ არ შეიძლება სისტემაზე ასეთი შტურმის მიტანა. მისივე თქმით, ეს ტოვებს შეგრძნებას, რომ პროცესი არის ორკესტრირებული.

ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ოცნებაში დღეს, 5 მარტს დაბრუნდა. ქართული ოცნებიდან წასულმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ნებისმიერ გააქტიურებას მიესალმება და გულშემატკივრობს.

ღარიბაშვილმა კი ბესელია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში და არ შეიძლება პარტიის შიგნით განხილული თემები გამოიტანო საჯაროდ, ამით კი "შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი".