საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გარემოზე მავნე ზემოქმედების ნივთიერებების განთავსება/რეალიზაციაზე სანქციების დაწესებას.

ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი ეხება მეორად საბურავებს, შავი და ფერადი ლითონის ჯართს, ექსპლუატაციიდან გასულ სატრანსპორტო საშუალებებს. გარდა ამისა, კანონპროექტი მოიცავს მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების განთავსებასთან, ასევე რეალიზაცია/ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებასაც.

კანონპროექტის მიხედვით, ამტვერებადი მასალების გადაზიდვაზე, განთავსებაზე, დამუშავებასა და რეალიზაციაზე სპეციფიკური რეგულაციების დაწესდება; დადგინდება სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები. ამ მიზნით, ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა და კანონს 6 ახალი მუხლი დაემატება, სანქციები მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე გავრცელდება. უფრო კონკრეტულად:

აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარის ოდენობით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 2000 ლარის ოდენობით.

ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებაზე დაწესდება ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისათვის — 1000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი — 2000 ლარის ოდენობით.

მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებაზე დაწესდება ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის — 500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იზრდება 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის — 1000 ლარამდე.

ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარის ოდენობით.

ამტვერებადი მასალის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვას ან გადმოტვირთვას გადაუხურავ სივრცეში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 1000 ლარის ოდენობით.

ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან საბურავგაურეცხავი ავტოსატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

გზის სავალ ნაწილზე ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრის გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

შეუფუთავი ან არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე ისე განთავსება, როდესაც არ არის უზრუნველყოფილი აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ემატება შემდეგი საქმეების განხილვა, კერძოდ:

  • თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება;
  • თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ბეტონის დაღვრა გზის სავალ ნაწილზე.

კანონპროექტის მე-2 მუხლით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ევალება, 2019 წლის პირველ ივლისამდე განსაზღვროს მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსების ან/და რეალიზაციის წესი.

ამასთანავე, კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ამოქმედება 2019 წლის პირველი სექტემბრიდან იგეგმება.

კანონპროექტის ავტორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, გოგი მეშველიანი, ნინო წილოსანი, ოთარ დანელია, გუგული მაღრაძე, გიორგი კახიანი, გელა სამხარაული, კობა ლურსმანაშვილი