შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა იმედის დროში განაცხადა, რომ ის არ არის უფლებამოსილი, ისაუბროს დემურ სტურუას საქმეზე, რადგან საქმეზე, რომელშიც ბრალდებულია პოლიციელი, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

მღებრიშვილის თქმით, ის ელოდება გამოძიების დასრულებას, მანამდე კი შსს ძებნილი პოლიციელის დასაკავებლად იმ ღონისძიებებს ატარებს, რასაც სხვა ძებნილების მიმართ. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიციელთა დისკრედიტაციას არ დაუშვებს:

"სისტემაში 40 ათასამდე ადამიანი მუშაობს და დარწმუნებული ვარ, სრული უმეტესობა ამ ადამიანებისა, პროფესიონალი და თავისი ქვეყნის პატრიოტია. არ შეიძლება ერთეული შემთხვევები გავავრცელოთ მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ჩირქი მოვცხოთ სხვა ღირსეულ პოლიციელებს. პოლიციელები დღეს და ღამეს ათენებენ თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავენ ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას, ჩვენი შვილები უსაფრთხოებას და ასე ხელაღებით არავის მივცემ იმის უფლებას, რომ პოლიციელებს მიაყენონ შეურაცხყოფა და ერთი უღირსი პოლიციელის გამო, გაისვაროს სხვა პოლიციელები, მე არ მყავს არავინ კონკრეტულად მხედველობაში, ზოგადად ვლაპარაკობ, გაისვაროს სხვა პოლიციელები. მე ბოლომდე ვიდგები ჩემი პოლიციელების დასაცავად ჩემს ხელთ არსებული საშუალებებით და დავიცავ მათ უფლებებს. ისინი ვინც უგულებელყოფენ სხვის უფლებებს, საკადრისი პასუხი გაეცემათ".

ჟურნალისტმა მინისტრ მღებრიშვილს ჰკითხა, სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელის ამ დრომდე მიმალვა ხომ არ ნიშნავს, რომ მას სხვა პოლიციელები აფარებენ ხელს. აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ ამას ვერავინ ვერ გაბედავს.

დემურ სტურუამ, მიმდინარე წლის აგვისტოში თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში ის დეტალურად აღწერს, თუ როგორ ძალადობდა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რადგან მისგან თანამშრომლობას ითხოვდა.

პოლიციელ გოდერძი თევაზაძეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალი წაუყენეს. ის გამოძიებას ემალება.