საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მას ეჭვი ეპარება, გიორგი გახარიას მუქარის წერილი ჰქონდეს დაწერილი. ასე გამოეხმაურა დეპუტატი თიბისის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებას, რომ მას გახარიამ მუქარის წერილი მისწერა.

"მე დაშვება ძალიან მიჭირს, რომ ასეთი ბანალური შეცდომა შეიძლება ვინმემ დაუშვას, მით უმეტეს გიორგი გახარიამ... მაგრამ თუ არსებობს ასეთი, მამუკა ხაზარაძეს აქვს ვალდებულება, ეს წერილი წარმოადგინოს", — ამბობს ცქიტიშვილი.

მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და ამაზე მამუკა ხაზარაძის მხრიდან კონკრეტული ფაქტია წარმოსადგენი. მისივე თქმით, თუ ეს ფაქტი არ არსებობს, მაშინ ძალიან მძიმე მორალურ და პოლიტიკურ დანაშაულს სჩადის ხაზარაძე.

გუშინ, 4 მარტს პარლამენტში თიბისის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინეს. ამ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების წინ მაღალჩინოსანმა წერილი მიწერა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყნისა და საერთაშორისო ასპარეზზე. შემდგომში ხაზარაძემ განმარტა, რომ ეს წერილი გახარიასგან მიიღო. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმირებული იყო.

გარდა ამისა, ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილე აშანტაჟებდნენ. ის ორივე მათგანის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.