თბილისის ზოოპარკში ბელები დათვების რეაბილიტაციის პროგრამას გადიან. ცოტა ხნის წინ დათვები თბილისის ზღვასთან შექმნილ პარკში სამი დათვი დაიკარგა.

"მივედით და ვოლიერში არ დაგვხვდნენ. ვათვალიერეთ ხის ტოტები, ყველა ბუჩქი მოვჩხრიკეთ, ბოლო ხმაზე ვიყვირეთ, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი", - ვკითხულობთ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ზოოპარკის თანამშრომლებს გაახსენდათ, რომ ბოლო დროს ცხოველები მიწაში თხრით იყვნენ გართულები. მას შემდეგ რაც კვალს გაყვნენ, ისინი უზარმაზარ ბუნაგს მიადგნენ, რომლიდანაც ორ დათვს ცხვირი ჰქონდა გამოყოფილი, მესამე კი სიღრმეში იყო მოკალათებული.

დათვები ხორცის ნაჭრებით გამოიტყუეს ორი მეტრის სიგრძის და 1,5 მეტრის სიღრმის ბუნაგიდან. მათ შიგნით რბილი წიწვოვანი ტოტები, თივა და გამხმარი ბალახი ჰქონდათ შეტანილი.

"ბუნებას რომ დაუბრუნდებიან, წარმოიდგინეთ როგორ გამოადგებათ იმის ცოდნა, რომ სახლის მოწყობა შეუძლიათ", — წერია დათვების რეაბილიტაციის გვერდზე.

"ბუნებრივ პირობებში თავის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია ამ ქცევის განვითარება. ტყვეობაში ყოფნისას, თითოეული ბუნებრივი ქცევის წახალისება და გამოვლენა აუცილებელია. პროგრამა სწორედ ამას აკეთებს, ეხმარება დათვებს განივითარონ საჭირო ქცევები და უნარ-ჩვევები. არ ვერევით მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, საჭირო ნიშნების დანახვისას კი ვაქეზებთ და ვეხმარებით. მთელი დღე ვუყურებ კამერებზე, ან ვოლიერის წინ ვდგავარ, რომ თვალი შემაჩვიონ და აღარ აღმიქვან ფაქტორად. ამ დაკვირვების დროს ვყოფ ქცევებს სხვადასხვა ტიპის ქცევებად, ვახარისხებ, გამოვყოფ რა ქცევებია წასახალისებელი და რომელი ქცევაა ხელისშემშლელი", - გვითხრა თბილისის ზოოპარკის მკვლევარმა ხატია ბასილაშვილმა.

დათვების რეაბილიტაციის პროგრამა იმ ბელებისთვის, რომლებიც დაობლდნენ, ან მოქალაქეებთან უკანონოდ ყოფნის შემდეგ ზოოპარკს მიაბარეს, შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს. პროგრამა პატარა ცხოველებს ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალურ შესაძლებლობას აძლევს. როდესაც მიბარებული ბელი მზად იქნება, მას ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.