თიბისი ბანკის საქმეს საქართველოში გაეროს კოორდინატორი, ლუიზა ვინტონი გამოეხმაურა. მისი თქმით, გაჩნდა კითხვები, რომელიც საფრთხეს უქმნის იმ ბიზნესგარემოს, რომლის შექმნასაც საქართველო ძალიან დიდხანს ცდილობდა.

"ჩვენ ამ სიტუაციას შეშფოთებით ვაკვირდებით. არსებითად კომენტარს ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს იქნება ტესტი, გამოცდა საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, საქართველოს ბიზნესგარემოსთვის. ველოდებით, რომ აღნიშნული პროცესი გამჭვირვალედ და სანდოდ გაიმართება. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართველებმა ბეჯითად იმუშავეს, რათა ასეთი ბიზნესგარემო შეექმნათ", — განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ხაზარაძის გამოსვლა პარლამენტში

4 მარტს პარლამენტში თიბისის დამფუძნებლებს უსმენდნენ. ამ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების წინ გიორგი გახარიამ მუქარის წერილი მიწერა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმირებული იყო. მისი თქმით, ამის შესახებ სასამართლო წესით დაკითხვაზე განაცხადა, რომელსაც სამი პროკურორი ესწრებოდა. მისი თქმით, დეპუტატებს ამაში დასარწმუნებლად შეუძლიათ დაკითხვის ოქმი ნახონ.

თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ეს არის "პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტი მოიპოვოს". მისივე თქმით, ყველას მოუწევს პასუხი აგოს თავის სიტყვებზე.

სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა თიბისი ბანკზე ჰაკერულ შეტევაზეც. მისი თქმით, ჰაკერის მისამართს თბილისში მიაკვლიეს. ხაზარაძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ ბოტები სწორედ ამ ოფისიდან იმართებიან.

ევროპული საქართველო თიბისი ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.

25 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა სხდომა საკითხის განხილვის გარეშე დასრულდა. 57 წუთის განმავლობაში დეპუტატები ფორმატზე შესათანხმებლად კამათობდნენ, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, რომან კაკულიამ სხდომა დაასრულა.

გაიგე მეტი: