ჩვენ ხშირად ვხუმრობთ ხოლმე იმაზე, თუ რამდენად ჰგვანან ძაღლები საკუთარ პატრონებს. გარეგნულ მსგავსებებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ახლახან გამოქვეყნებული კვლევით ირკვევა, რომ ძაღლები საკუთარ პატრონებს ხასიათით ნამდვილად ჰგვანან.

უილიამ ჯ. ჩოპიკი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგი და კვლევის მთავარი ავტორია, ის სწავლობს, თუ როგორ იცვლება ადამიანთა ურთიერთობები დროთა განმავლობაში. ის დიდი ხანია დაინტერესებულია იმ ძლიერი კავშირით, რაც ადამიანებსა და ძაღლებს შორის არსებობს, ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ეს სახეობათაშორისი ურთიერთობა დეტალურად შეესწავლა.

კვლევაში 1 681 ადამიანი მონაწილეობდა, მათ საკუთარი ხასიათის შესახებ სპეციალური კითხვარი უნდა შეევსოთ, მათ ასევე საკუთარი ძაღლის ხასიათიც უნდა შეეფასებინათ. ჩოპიკმა აღმოაჩინა, რომ პატრონებისა და ძაღლების ხასიათი ერთანეთს ჰგავს.

ადვილად დაყოლიებად ადამიანებს აქტიური, ადვილად აგზნებადი და ნაკლებად აგრესიული ძაღლის ყოლის ორჯერ უფრო დიდი შანსი აქვთ, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც ადვილად დაყოლიებადი არ არიან.

კვლევის ფარგლებში ასევე გაირკვა, რომ კეთილსინდისიერი პატრონები საკუთარ ძაღლებს წრთვნისას უფრო დამჯერებად მოიხსენიებდნენ, ხოლო ნევროტული ადამიანები კი - უფრო მშიშრებად.

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანი მშვიდია, მათი ძაღლიც მშვიდად არის", - აცხადებს ჩოპიკი.

ჩოპიკი აცხადებს, რომ ამ კვლევას ერთი ცალსახა შეზღუდვა აქვს - ადამიანებს შესაძლოა საკუთარი თავის დახასიათება სთხოვო, თუმცა, ძაღლების შემთხვევაში, მხოლოდ იმას ვეყრდნობით, თუ როგორ აღწერენ პატრონები მათ.

მაგრამ, ძაღლების შეფასებისას პატრონების მიკერძოებულობა, ანუ შესაძლებლობა, რომ მათ ძაღლებს საკუთარი ხასიათის თვისებები მიაწერონ, არ დაფიქსირებულა.

სხვა მსგავსი ტიპის კვლევები მიუთითებს, რომ ნაცნობების, მაგალითად, მეგობრების, უცხოების და ძაღლების გამსეირნებლების შეფასებები ამა თუ იმ ძაღლის შესახებ მათ პატრონების მიერ გაკეთებულ შეფასებებს ემთხვევა.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ ჰგვანან ძაღლები პატრონებს?

კვლევაში ეს საკითხი განხილული არ არის, მაგრამ ჩოპიკს ერთი ჰიპოთეზა აქვს.

"ეს ორი ფაქტორით უნდა იყოს განსაზღვრული, ერთ-ერთია ის, თუ როგორ ძაღლს აარჩევთ, მეორე კი ის, თუ როგორ ცვლით თქვენ მას დროთა განმავლობაში", - აცხადებს ის.

ჩოპიკის თქმით, შინაური ცხოველის არჩევისას ადამიანები ისეთ ძაღლებს ირჩევენ, რომლებიც მათი ცხოვრების რიტმში ჯდება.

"თქვენ ისეთ ძაღლს ისურვებდით, რომელსაც მუდმივი აქტიურობა და უამრავი ვარჯიში სჭირდება, თუ ისეთს, რომელსაც სახლში ხალიჩაზე წამოწოლა ურჩევნია? ჩვენ ვარჩევთ ძაღლებს, რომლებიც შეგვეფერება", - აცხადებს ის.

შემდეგ კი, გამიზნული წრთვნებისა და მათთან ყოველდღიური ურთიერთობების შედეგად ჩვენ მათ ჩვენი სურვილისამებრ ვაყალიბებთ.

ბიჰევიორისტ ზაზი ტოდის თქმით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანის ხასიათის თვისებები ძაღლების ხასიათის თვისებებს პირდაპირ არ ესადაგება, თუმცა მათ შორის კავშირები ნამდვილად არსებობს.

"მიუხედავად იმისა, რომ ძაღლში და ადამიანში ხასიათების შეფასება განხვავებულად ხდება, მათ შორის კორელაციას მაინც ვხედავთ. ამ დროს მგავსებების პოვნა უფრო რთულია, მაგრამ ჩვენ ისინი მაინც ვიპოვეთ", - აცხადებს ჩოპიკი.

მაგალითად, ექსტროვერსია არ არის ის ნიშან-თვისება, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ ცხოველს გააჩნია. ექსტრავერტი ადამიანები უფრო ენერგიულები და კონტაქტურები არიან. ძაღლების შემთხვევაში კი ამ თვისების პარალელი შესაძლოა მოჭარბებული ენერგიის ქონა და ადვილად აგზნებადობა იყოს.

მომავალში აღნიშნული საკითხის კვლევით შესაძლოა უფრო დეტალურად გაირკვეს, თუ რატომ ჰგვანან ძაღლები ხასიათით საკუთარ პატრონებს.

"შესაძლოა ძაღლების ხასიათს დიდწილად მათი პატრონები განსაზღვრავნდნენ, ეს კი ჩემთვის ძალიან საინტერესოა", - აცხადებს ჩოპიკი.