შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებას მის მიმართ მუქარის შესახებ და განაცხადა, რომ ეს არის "ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვებისა". მისი თქმით, წერილებს არ წერს და "სათქმელს ყველას პირში" ეუბნება. მისივე თქმით, ყველას მოუწევს პასუხი აგოს თავის სიტყვებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ხაზარაძის სიტყვები ტყუილია და ყველას მოუწევს პასუხი აგოს თავის სიტყვებზე. მისივე თქმით, მზად არის პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.

დღეს, 4 მარტს პარლამენტში თიბისის დამფუძნებლებს უსმენდნენ. ამ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების წინ გიორგი გახარიამ მუქარის წერილი მიწერა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმირებული იყო. მისი თქმით, ამის შესახებ სასამართლო წესით დაკითხვაზე განაცხადა, რომელსაც სამი პროკურორი ესწრებოდა. მისივე თქმით, დეპუტატებს ამაში დასარწმუნებლად შეუძლიათ დაკითხვის ოქმი ნახონ.

"საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ ჩემი დაკითხვის ოქმში ვთქვი და ამის მერე არც მოსამართლემ, არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა", — განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პროკურორებთან საუბრის შემდეგ პასუხად პროკურატურის ბრიფინგი მიიღო, რომელზეც ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს.