აღნიშნული შაბათ-კვირა ილონ მასკისთვის საკმაოდ დატვირთული იყო, თუმცა ის უკვე ახალ, უფრო ამბიციურ გეგმებზე საუბრობს.

"სიმართლე რომ გითხრათ, ემოციურად ძალიან დაღლილი ვარ. აღნიშნული გაშვება ძალიან სტრესული იყო, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა", - განაცხადა მან შაბათს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე.

ბოლო 48 საათი მისი კომპანიისთვის, SpaceX-ისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. შაბათს ორბიტაზე კომპანიის ახალი საეკიპაჟო ხომალდი, Crew Dragon გაეშვა, სულ რაღაც 26 საათის შემდეგ კი ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ავტომატურ რეჟიმში მიუერთდა.

თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, აღნიშნული ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ივლისში ორი ასტრონავტი გაემგზავრება.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ახალი ამბავი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მასკს ბევრად ამბიციური გეგმები აქვს.

"ჩვენ მთვარეზე მუდმივად დაკავებული ბაზა უნდა გვქონდეს, შემდეგ კი ადამიანებს მარსზეც გავგზავნით", - განაცხადა მასკმა კონფერენციაზე.

დაახლოებით ერთი თვის წინ მასკმა Twitter-ზე განაცხადა, რომ მას მთვარეზე რაც შეიძლება სწრაფად სურს მოხვედრა.

მასკმა აღნიშნული დავალებისთვის შესაძლოა კომპანიის ახალი მძლავრი და დიდი ზომის ხომალდი, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული Starship გამოიყენოს. თუმცა Starship-ის მთვარეზე გაგზავნა SpaceX-ის ამჟამინდელ პროექტებზე ბევრად უფრო რთული იქნება.

"ეს არც ჩვენთვის იქნება მარტივი და არც SpaceX-სთვის", - განაცხადა NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიებისა და კვლევის დირექტორატის ხელმძღვანელმა უოლტ ენგელუნდმა.

მასკი საკუთარი გეგმების განხორციელებას ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმავს.

"ამჟამად ყველაზე დიდი პრიორიტეტი Crew Dragon და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რეგულარული პილოტირებული ფრენებია. ამის შემდეგ, შესაძლოა დედამიწის ორბიტის მიღმაც განსახორციელებელ მისიებზეც ვიფიქროთ", - განაცხადა მასკმა პრეს-კონფერენციაზე.

"მე, როგორც NASA-ს ამჟამინდელ ადმინისტრატორს, აშშ-ს პრეზიდენტისგან პირადად მაქვს მიღებული მთვარეზე პილოტირებული მისიების გაშვების დავალება. ეჭვგარეშეა, რომ ეს საკითხი SpaceX-სთვისაც პრიორიტეტულია, მასკს და მის კომპანიას მრავალი იდეა აქვთ, რომელიც მთვარეზე ადამიანის გაგზავნაში დაგვეხმარება", - აცხადებს NASA-ს ადმინისტრატორი ჯიმ ბრიდენსტინი.