თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის შესახებ ისაუბრა პასუხად მიიღო პროკურატურის ბრალდება.

"ჩემი დაკითხვის ოქმში ვახსენე, რომ იყო მუქარა, სამწუხაროდ, შედეგად მივიღე პრესკონფერენცია, რომ ჩვენ ვართ ასოცირებული ფულის გათეთრებასთან. ამას მოყვა ეროვნული ბანკი და, ასე ვთქვათ, ორკესტირება", — განაცხადა ხაზარაძემ.

დღეს, 4 მარტს პარლამენტში თიბისის დამფუძნებლებს უსმენენ. ამ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების წინ მაღალჩინოსანმა წერილი მიწერა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე. შემდგომში ხაზარაძემ განმარტა, რომ ეს წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმირებული იყო. მისი თქმით, ამის შესახებ სასამართლო წესით დაკითხვაზე განაცხადა, რომელსაც სამი პროკურორი ესწრებოდა.

"საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ ჩემი დაკითხვის ოქმში ვთქვი და ამის მერე არც მოსამართლემ, არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა", — განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, დეპუტატებს ამაში დასარწმუნებლად შეუძლიათ დაკითხვის ოქმი ნახონ. მისივე თქმით, უნდა დაისვას კითხვა, რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა მისი დაკითხვის ოქმს და რატომ არის ამოგდებული მხოლოდ 17 "მილიონის" თემა.