თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისა და მისი მოადგილის გადაყენებას მოითხოვს. ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

"მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მისი მოადგილის კომპეტენციას. მისი პასუხისმგებლობის საქმე უნდა დადგეს. და, ასევე, მოვითხოვ შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც ყველა იმ წერილს და ნიუანსი გაგაცნობთ", — თქვა ხაზარაძემ.

დღევანდელ, 4 მარტის სხდომაზე, სადაც თიბისის საქმე განიხილებოდა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილე აშანტაჟებდნენ:

"პირველი ჯარიმა მოვიდა 10 ათას ლარზე. მე მივედი და ვუთხარი, რომ არაფერს გადავიხდი და მერე გამომგზავნეს ახალი დეპარტამენტი და დაგვარიცხეს მილიონი. გამოაგზავნეს წერილი, რომლითაც თქვეს ან გადაგვაყენებდნენ, ან დაგვერიცხებოდა ჯარიმა".

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება მოსთხოვა. ხაზარაძე ამბობს, რომ ის არავის გადაუყენებია და თანამდებობა თავისი ნებით დატოვა, რათა "ბანკი არ ჩამოქცეულიყო".