თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილე მას და ბადრი ჯაფარიძეს აშანტაჟებდნენ. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.

"პირველი ჯარიმა მოვიდა 10 ათას ლარზე. ეტყობა, ვიღაცამ [ეროვნულ ბანკს] დაუწუნა და უთხრა, რომ ცოტაა. მე მივედი, შევხვდი პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ჩვენ 10 ათასსაც არ გადავიხდით იმიტომ, რომ 11 წლის წინანდელი ამბავი არ არის სწორი, როგორც თქვენ მიგყავთ [მეთქი]. შემდგომ გამოუშვეს ახალი დეპარტამენტი და დაგვარიცხეს მილიონი ლარი", — განაცხადა ხაზარიძემ.

მისი თქმით, ამის შემდგომ ეროვნულმა ბანკმა თიბისის დირექტორებს მიწერა წერილი, რომელშიც ურჩევდა განეხილათ ჯაფარიძე-ხაზარაძის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობა. მისივე თქმით, წერილში ეწერა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსცემდნენ ბრაძანებას მათი გადაყენების შესახებ ან მოითხოვნდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას.

ხაზარაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა და გამოხატა მზაობა მის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს თანამდებობები დაეტოვებინათ. თუმცა მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ პირობას არ დათანხმდა და მათ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებაც მოსთხოვა, რაც მისთვის მიუღებელი იყო.

"ჩვენ ვთხოვეთ, წერილი მაინც მოგვეცით, რომ ფულის გათეთრება ამ სისტემაში ჩვენთან არ მომხდარა. შესაბამისად, კრიმინალური რამე არ მომხდარა... საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ ბანკი კარგია და ბადრისა [ჯაფარიძეს] და მამუკას აქვთ პრობლემები", — განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მოგვიანებით ეროვნული ბანკისგან Whatsapp-ში მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მათი კომპეტენციის ფარგლებში არაფერი კრიმინალური არ დაფიქსირებულა და ფულის გათეთრების საქმე არ ფიგურირებდა. მისივე თქმით, წერილში ეწერა, რომ ეს იყო ინტერესთა კონფლიქტი.

"მე, როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა, დავსვი კითხვა, როგორ გამოვიყენოთ ეს წერილი. მათ მითხრეს, რომ ამ წერილს გამოიყენებთ მხოლოდ თქვენი პარტნიორი ბანკებისთვის, მაგრამ სხვაგან ვერა. მე გაოცებული დავრჩი. პრაქტიკულად, ეს იყო შანტაჟი. მეუბნებიან, რომ თქვენ გადადექით და იმასაც კი არ ვიტყვით ხმამაღლა.

გასაგებია, რომ ისინი ვერ წავიდოდნენ ე.წ. პროკურატურის ვერსიის წინააღმდეგ. ამის მერე მე ვუთხარი, მირჩევნია, რომ მომხსნათ, რადგან ეს არის დისკრიმინაცია, უფლებების შელახვა და არაპროპორციული ზომები ჩვენს მიმართ", — განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ამის შემდეგ ბანკმა მიიღო ხუთი წერილი და აქციების ფასი დაეცა.

ხაზარაძე ამბობს, რომ ამ ამბების შემდეგ ის და ჯაფარიძე აქციონერებთან შესახვედრად წავიდნენ და სწორედ მაშინ გზაში დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება. მისი თქმით, არავის გადაუყენებია და ეს ნაბიჯი თავად გადადგა, რათა "ბანკი არ ჩამოქცეულიყო".

როგორც ხაზარაძე ამბობს, 2018 წელს ერთდროულად ოთხი უწყება იღებდა დოკუმენტებს ბანკიდან და მათ ყველა დოკუმენტში მისცეს. მისი თქმით, დოკუმენტებს ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული ჰქონდა და მათი არც შენახვა, არც გაცემა კანონით არ ევალებოდათ, მაგრამ მაინც მიაწოდეს უწყებებს, რადგან არაფერი ქონდათ დასამალი.

ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისში ბანკზე კიბერშეტევა განხორციელდა. მისი თქმით, მიაგნეს ზუსტ მისამართს და ოთახს საიდანაც ეს შეტევა განხორციელდა და ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინსიტროს აცნობეს:

"ამის შემდეგ 5 წერილი მივწერე მინისტრს იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგას გამოძიება. ერთი კვირის წინ მივიღეთ ვიღაც გამომძიებლის წერილი, რომ თურმე კომპიუტერი არის ამოღებული და წაღებულია ექსპერტიზაზე", — განაცხადა ხაზარაძემ. მისი თქმით, ეს ოფისი თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და სავარაუდოდ, ის სივრცეა, საიდანაც ბოტები იმართებიან.