2 მარტს SpaceX-ის ახალი ხომალდი Crew Dragon კეიპ კანავერალის კოსმოსური ცენტრიდან წარმატებით გაეშვა. გაშვებიდან დაახლოებით ორ წუთში რაკეტის პირველი ამაჩქარებელი ხომალდს გამოეყო და ატლანტიკის ოკეანეში არსებულ მცურავ პლატფორმაზე წარმატებით დაეშვა.

SpaceX-ის ახალი ხომალდი ადამიანების ორბიტაზე გასაყვანად არის გათვლილი, ეს კი მისი პირველი საცდელი ფრენა იყო.

Crew Dragon ნასას კომერციული საეკიპაჟო პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს ეროვნული კოსმოსური სააგენტო კერძო კომპანიებს ადამიანების გადასაყვანი ხომალდების შექმნაში ეხმარება, რომლითაც საბოლოოდ ნასას ასტრონავტები რეგულარულად იფრენენ.

გაშვების მეორე დღეს Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ავტომატურ რეჟიმში შეუერთდა, პროცესში ხომალდმა ლაზერები და სპეციალური სენსორები გამოიყენა.

SpaceX-მა საცდელი ფრენის ფარგლებში Crew Dragon-ს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) გარშემო სხვადასხვა მანევრი ჩაატარებინა. ბორტზე არსებული ძრავების გამოყენებით ხომალდი ISS-ს პერიოდულად სხვადასხვა კუთხიდან უახლოვდებოდა. ერთ შემთხვევაში Crew Dragon კოსმოსურ სადგურს სწრაფად მოშორდა, რათა შემოწმებულიყო, რამდენად სწრაფად შეძლებს ხომალდი, რომ საგანგებო სიტუაციაში კოსმოსურ სადგურს მოშორდეს.

საბოლოოდ კი, როდესაც ხომალდი სადგურიდან 20 მეტრის დაშორებით იყო, ინჟინრებმა მას ბრძანება გაუგზავნეს, რის შემდეგაც ხომალდმა კოსმოსურ სადგურთან შეერთების ავტომატური პროცედურა დაიწყო.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც SpaceX-ის ხომალდი სადგურს ავტომატურად შეუერთდა. 2012 წლიდან კომპანია სადგურზე Dragon-ის სატვირთო ხომალდს რეგულარულად გზავნიდა, თუმცა ამ შემთხვევაში სადგურთან მიერთება ISS-ზე მიმაგრებული სპეციალური მექანიზებული ხელით ხდებოდა, რომელსაც სადგურის ეკიპაჟის წევრები მართავდნენ.

ISS-სთან შეერთების შემდეგ ეკიპაჟის წევრებმა ახალი ხომალდი და მისი ორი მგზავრი - სენსორული მანეკენი Ripley და ფუმფულა სათამაშო დედამიწა თბილად მიიღეს.

ილონ მასკის თქმით, გაშვებამდე ხომალდში სათამაშო, სხვა სიტყვებით კი "უწონადობის მაღალტექნოლოგიური ინდიკატორი" დაამატეს. მან განაცხადა, რომ სათამაშოში სენსორები ჩამონტაჟებული არ არის, მაგრამ ეს საჭირო არცაა, რადგან სათამაშო თავად არის სენსორი - მას შემდეგ, რაც Crew Dragon უწონადობას მიაღწევს, ფუმფულა დედამიწა ხომალდში ფრენას დაიწყებს.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე დაყრდნობით კი მივიჩნევთ, რომ სათამაშომ საკუთარი დავალება იდეალურად შეასრულა.

ფოტო: NASA TV

ხომალდმა მანეკენისა და სათამაშოს გარდა სადგურზე 180 კილოგრამის ტვირთიც აიტანა.

ხომალდი სადგურზე დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი საცდელი ფრენის უკანასკნელი ფაზა დაიწყება. Crew Dragon სადგურს მოშორდება და ატლანტის ოკეანეში პარაშუტებით დაეშვება.

ფოტო: NASA T

საცდელი ფრენის ძირითადი ამოცანა ხომალდის სხვადასხვა სისტემების გამოცდაა. დედამიწაზე დაშვების შემდეგ NASA-სა და SpaceX-ის ინჟინრები ფრენის გაანალიზებას დაიწყებენ და შემდეგი საცდელი ფრენებისთვის მოემზადებიან.

SpaceX ახალი ხომალდით პირველ პილოტირებულ ფრენას ზაფხულში გეგმავს.