უმრავლესობის ლიდერს, გია ვოლსკის მიაჩნია, რომ ყოფილმა თანაგუნდელებმა ირაკლი კობახიძეზე თავდასხმა გადაწყვიტეს, რადგან ის უფრო "ადვილი სამიზნეა" ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. ვოლსკის თქმით, ოცნებიდან წასულ დეპუტატებს პოლიტიკური ამბიციები აქვთ და რეალიზების გზად უმრავლესობის დატოვება მიიჩნიეს.

"ეს ჯგუფი ქმნის პლატფორმას, საიდანაც თავისი სიმცირე უნდათ დააბალანსონ პარლამენტსგარეშე უმრავლესობით, ანუ ხალხი მოიძიონ. რასაკვირველია, აქ პოპულარული აზრი უფრო საინტერესეოა. ჯობია ირაკლის ესროლო, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. ჯობია ამ მოსამართლეების თემით გამოხვიდე, რომელიც შენს თვალწინ მიმდინარეობდა ყველა პროცესი. ეგ ხო ერთ დღეს მოსული ხალხი არ არის", — განაცხადა დეპუტატმა იმედის კვირაში.

მანვე აღნიშნა, რომ კობახიძეს იგივე ფასეულობები აქვს, რაც 2012 წელს ჰქონდა და სწორედ ამიტომაა დღემდე პარლამენტის თავმჯდომარე. მისი თქმით, წარსულის გახსენება და დამდამცირებელი მაგალითების მოყვანა ეკა ბესელიას მხრიდან არასწორი საქციელია.

ქართული ოცნება დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს. ნაცვლიშვილის გარდა ყველა წასვლის მიზეზად მოსამართლეების სიას და პარტიის მმართველობის სისტემაში არსებულ პრობლემებს ასახელებდა. დეპუტატები ღიად აკრიტიკებდნენ ირაკლი კობახიძეს. მათი თქმით, პრობლემების შესახებ ინფორმირებული იყო პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატის რანგში ბოლო გამოსვლისას ბესელიამ კობახიძე გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულა. ბესელიამ განაცხადა, რომ კობახიძეს ბოდიში აქვს მოსახდელი. მანვე აღნიშნა, რომ ის არ არის პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე და მან ვერ შეძლო პარლამენტის ღირსების დაცვა.

უმრავლესობის დატოვების შემდეგ კი ბესელიამ თქვა, რომ კობახიძე ივანიშვილის სერიოზული პოლიტიკური შეცდომაა. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს.