პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება, რადგან არსებობს საფრთხე რუსეთმა აფხაზეთის ეკლესია მიიერთოს. მისი თქმით, ყველამ იცის, რომ უკრაინელი ხალხი ავტოკეფალიას იმსახურებს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება რთულია.

"რუსს რომ მხარს არ დავუჭერთ გასაგებია, გვეომება და წართმეული აქვს. მსოფლიოს საპატრიარქოს მხარე დავიჭირთ, ვთქვათ, დღესვე, ამას რა მოჰყვება, უბრალოდ დიფტიხში მოვიხსენიებთ უკრაინის ეკლესიას ხომ? და ცოტა ხანში, მაგის სამფლობელოა დღეს, ეტყვის აფხაზებს, დააწერინებს ნებისმიერ წერილს და მიიერთებს ეკლესიას", — აცხადებს მეუფე იაკობი რუსთავი 2-თან საუბრისას.

მისი თქმით, უკვირს იმ სასულიერო პირების, რომლებიც ავტოკეფალიის აღიარებას უჭერენ მხარს და არ ფიქრობენ იმაზე, რომ აფხაზეთის დაკარგვის საფრთხე არსებობს. მეუფე ამბობს, რომ პირდაპირი მუქარა ამ საკითხზე არ ყოფილა, მაგრამ განწყობები იგრძნობა.

"იქ ხომ ეკლესია სახელმწიფოს სხვანაირად დამატებაა, სხვა უწყებებთან კავშირშია და რასაც ისინი დაავალებენ, იმას გააკეთებენ", — აცხადებს ის.

უკრაინის ეკლესია საქართველოს მხარდაჭერის მოლოდინში

კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა ჯერ კიდევ სექტემბერში, ავტოკეფალიის მინიჭებაზე შეთანხმების მიღწევამდე განაცხადა, რომ საქართველოს მხარდაჭერას ელოდება. "საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია", — აღნიშნა მან.

თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა. მაშინ პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელებდნენ. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორი იქნებოდა.

ავტოკეფალიის საკითხზე იშვიათად საუბრობდა თავად პატრიარქი ილია მეორეც. ერთ-ერთი ქადაგებისას მან იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავდნენ საერთო ენას და "მწუხარება სიხარულად გარდაიქცეოდა".

მას შემდეგ რაც უკრაინის ავტოკეფალია ოფიციალურად გამოფრმდა, ახალქალაქისა და კუმორდის მიტროპოლიტმა აღიარების პროცესის გაწელვის მიზეზად ის დაასახელა, რომ ტომოსი არ წაუკითხავთ.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა ერთ-ერთ ინტერვიუში იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში ელოდებოდა. საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ილარიონის განცხადება ორაზროვანია და მუქარის შინაარსი აქვს. მათი თქმით, ცდილობნენ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით არ მიეღოთ.

20 თებერვალს ილია მეორე უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. როგორც საპატრიარქო განაცხადეს, ეს არაფორმალური შეხვედრა იყო და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გააცნეს.