მეუფე იაკობის თქმით, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ იცის, რა წერია ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში. ამის შესახებ მეუფემ რუსთავი 2-თან ისაუბრა.

"გამოაქვეყნოს რაც უნდა... უშუალოდ კონკრეტული ფაქტები არ არის, ზოგადად ლაპარაკობს... გამიკვირდა [გიორგი მამალაძის] ძმა რომ გამოვიდა, პატრიარქმა არ იცისო. პატრიარქმა ყველაფერი იცის, წერილის შინაარსიც იცის... მანდ რომ რამე კომპრომატი იყოს, ხო იმას იზამდა", — აღნიშნა მეუფემ და ჟურნალისტის კითხვაზე, ეწერა, თუ არა რამე ფაქტების შესახებ წერილში, პასუხობს, რომ არაფერი.

დეკანოზ მამალაძის წერილი

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მატროსოვის ციხიდან წერილი გაუგზავნა ოთხ სასულიერო პირს: მეუფე პეტრეს, მეუფე ანდრიას, მეუფე დიმიტრისა და მეუფე დავით ალავერდელს. წერილის შინაარსი უცნობია. კურიერის ცნობით, ინფორმირებული ადამიანი ვინც, დეკანოზის გზავნილი წაიკითხა, ამბობს, რომ ციხიდან პატიმარი მღვდელი პატრიარქის ოჯახის ბიზნესინტერესებზე საუბრობს და ილია მეორის დას, დედა ნატალიას ახსენებს.

წერილის ერთ-ერთმა ადრესატმა მეუფე პეტრემ კვირის აქცენტებში განაცხადა, რომ "დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ პატრიარქის გარდატეხა გამოიწვია მისმა მუქარით სავსე წერილმა, რომელშიც ის ეკლესიაში არსებულ პრობლემებს ამხელდა".

მეუფე პეტრეს თქმით, ამ წერილში მამაო, ფინანსურის გარდა, საუბრობდა არაჯანსაღ, მახინჯ მდგომარეობაზე.

"იყო პრეცედენტი, როდესაც მამაომ ასეთი მუქარის შემცველი წერილი გამოგზავნა საპყრობილედან, რომელიც მომივიდა მე და სამ მღვდელმთავარს. მე დავუკავშირდი ერთ-ერთს და ვუთხარი, რომ მამაო რომ ასეთ წერილს წერს, მუქარანარევს და დავარქვი, რომ ეს არის "საეკლესიო ბედუკაძეობა", — განაცხადა მეუფე პეტრემ.