საპატრიარქოს პრესმდივანი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია არ შეუცვლია. ანდრია ჯაღმაიძემ ტვ პირველის გადაცემა პირველებში დარეკა და ჩაერთო მას შემდეგ, რაც იქ მეუფე ანტონის განცხადება და საპატრიარქოს განცხადება განიხილეს.

მამა ანდრიას თქმით, საპატრიარქო პოზიციას არ შეიცვლის მანამ, სანამ მამალაძის დაცვის მხარის დამოკიდებულება არ შეიცვლება.

"თუ ნათელი არ მოეფინა ყველა იმ ეჭვს, რომელიც გააჩინა საპატრიარქოს მიმართ არასწორმა დამოკიდებულებამ და ამის ხელოვნურად ჩამოყალიბებას, მანამდე შეუძლებელია საუბარი რაიმე შუამდგომლობაზე", — აღნიშნა ჯაღმაიძემ სატელეფონო საუბრისას.

მისივე თქმით, საპატრიარქო არასდროს იყო განწყობილი იმისათვის, რომ გიორგი მამალაძე პატიმრობაში დარჩენილიყო და ეს განწყობა ახლაც არსებობს:

"ხელისშემშლელი პირობები, რომელიც ვახსენეთ განცხადებაში, თუ ეს კლავ იქნება ბრალდებულის დაცვის მხრიდან, საპატრიარქოს დამოკიდებულებაში არაფერი შეიცვლება".

პირველ მარტს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის ციხის სამედიცინო ცენტრში მოინახულა. მას მიაჩნია, რომ დეკანოზი უდანაშაულოა და საპატრიარქო მზადაა, შეწყალებისკენ ნაბიჯი გადადგას:

"საკითხი, მივიჩნევ, რომ აუცილებლად უნდა განვიხილოთ, ვალდებულები ვართ განვიხილოთ შიგნით. საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად, ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნაზეც, ყველაფერზე არის საპატრიარქო მზად და მღვდელმთავრები ყველაფრისთვის ვართ მზად".

შეწყალებასთან დაკავშირებით პატრიარქს რამდენიმე კვირის წინ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მიმართა. მან ითხოვა, რომ ილია მეორეს პრეზიდენტისთვის გიორგი მამალაძის შეწყალებით მიემართა.

საპასუხო განცხადებაში საპატრიარქომ აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე შუამავლობას იმ შემთხვევაში აღძრავენ, თუ სასულიერო პირი ბრალს აღიარებს. საპატრიარქო განმარტავს, რომ შეწყალების შუამდგომლობით მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ მსჯავრდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.