შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთის ქალაქ რეიმსსა და მის შემოგარენში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც საქართვლოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. როგორც უწყებაში ამბობენ, ისინი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან, ერთ-ერთ მათგანი კი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრია.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სპეცოპერაცია 13 თებერვალს ჩატარდა. მათივე თქმით, დაკავებულები ქურდობის 17 საქმეში ფიგურირებენ.

"ისინი წინასწარ არჩევდნენ გასაქურდ ობიექტს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ ფრანგმა სამართალდამცავებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: უკანონოს მოპოვებული ნივთები და სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა, ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ, ასევე, ქურთუკი, რომელშიც მოთავსებულია ნაქურდალის დასამალი ალუმინის ყუთი, მეხსიერების ბარათი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პირის ბერძნული და ლიეტუვური დოკუმენტები, ფულის გადარიცხვების დოკუმენტები და მოპარული ლეპტოპი.

საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს საფრანგეთის სსკ-ს 312-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამავე დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი ქურდობისთვის ამხილეს და მათი დაკავებისთვის ღონისძიებებს ატარებენ.