რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის დასავლეთში, იაპონიის ზღვასთან ახლოს არსებულ ქალაქ ნახოდკაში მყოფი დატყვევებული ვეშაპები გაათავისუფლოს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის თქმით, აღნიშნულმა საკითხმა ვლადიმერ პუტინის დაინტერესება გამოიწვია, ვეშაპების გათავისუფლება კი მისი ჩართულობით გადაწყდა.

დატყვევებული ვეშაპების ფოტოები პირველად გასულ წელს გამოჩნდა, რამაც საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნახოდკაში 11 ცელნამგალა და 87 თეთრი ვეშაპი იყო დატყვევებული, ვეშაპების მიყიდვა ჩინეთში არსებული აკვარიუმებისთვის იგეგმებოდა.

ორშაბათს TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობამ ოთხი კომპანია ნადირობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა.

"ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ კომპანიებს ცხოველები არადამაკმაყოფილებელ პირობებში ჰყავდათ განთავსებული. ვეშაპების დაბრუნება ბუნებრივ გარემოში მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს", - ნათქვამია რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი ვეშაპების გათავისუფლების საქმეში პირადად ჩაერთო.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ვეშაპების გათავისუფლებას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ეს პროცესი უსაფრთხოდ მოხდეს", - აცხადებს ეკოლოგიის მინისტრი დიმიტრი კობილკინი.

მისი თქმით, ნოხოდკაში ამჟამად განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურებია და ასეთ დროს ვეშაპებს გათავისუფლებისას შესაძლოა ზიანი მიადგეთ.

ვეშაპების გათავისუფლების მოთხოვნით ინტერნეტში შექმნილმა პეტიციამ, რომელიც ლეონარდო დიკაპრიომაც გააზიარა, 900 000 ხელმოწერა მოაგროვა. პამელა ანდერსონმა კი საკუთარ ვებგვერდზე პუტინს ღია წერილი მისწერა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთში ვეშაპებზე ნადირობა პირდაპირ აკრძალული არ არის. რუსეთის წყლებში ამ ცხოველების დაჭერა სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის ნებადართულია.