დაახლოებით ორი მეტრის სიგრძის თევზი გასულ კვირას კალიფორნიის სანაპიროზე გამოირიყა. მკვლევარები თავიდან ვარაუდობდნენ, რომ არსება ყველაზე ძვლოვანი თევზის, ე.წ. მზის თევზის ნაირსახეობა იყო, თუმცა როდესაც ერთ-ერთმა საიტის მომხმარებელმა iNaturalist-ზე სურათები ატვირთვა, ამ საკითხში ექსპერტებიც ჩაერთვნენ.

როგორც აღმოჩნდა, ეს თევზი ჩრდილოეთ ამერიკაში აქამდე არასდროს უნახავთ.

"როდესაც სურათები მოვიდა, სადაც თევზი კარგად ჩანდა, დავრწმუნდი, რომ ის ნამდვილად მოლა ტეკტა (hoodwinker) იყო. მათი ნახვისას, კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი", - ამბობს მეცნიერი მარიანე ნიაგარდი.

ეს თევზები მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში გვხვდებიან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის 1889 წელს ნიდერლანდებში გამოირიყა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ტომას ტარნერი, მის სანახავად ოჯახთან ერთად გაემგზავრა, გადაღებული ფოტოები კი iNaturalist-ზე ატვირთა. ამ პლატფორმაზე უამრავი მეცნიერი და მკვლევარია დარეგისტრირებული, რომლებიც პოსტავენ ფოტოებს და სხვადასხვა არსებებს იკვლევენ.

ტომას ტარნერი და მისი შვილი

ფოტო: iNaturalist

"ყველაზე უცნაური თევზია იმათ შორის, რაც აქამდე მინახავს. არსება უზარმაზარია, დისკისმაგვარი ფორმა აქვს, ბრტყელია. ამ ჯიშებს კუდი დაკარგული აქვთ, თუმცა ამის მაგივრად ძლიერი ფარფლები აქვთ ტანის ზემოთა და ქვემოთა ნაწილში, რომლებიც ჩიტის ფრთებივით მოძრაობენ ცურვის დროს. მათი სახის გამომეტყველება მუდმივად გაოცებულია. ისინი საკვებისთვის ოკეანეში ღრმად ჩადიან, ხოლო გასათბობად წყლის ზედაპირზე ამოდიან." - ამბობს ტომას ტარნერი.

ფოტო: iNaturalist

როგორც მეცნიერები ამბობენ, მარილიანი წყლის მზის თევზის ხუთი სხვადასხვა ნაირსახეობა არსებობს. ერთ-ერთს ტროპიკული წყალი უყვარს, ერთს - სუბტროპიკული, ხოლო ამ ჯიშს, წყლის ზომიერი ტემპერატურა ურჩევნია.

"ამიტომაცაა საინტერესო, თუ რატომ აღმოჩნდა თევზის ეს სახეობა კალიფორნიაში. ჩვენ ვიცით, რომ ზომიერი წყლის ტემპერატურა ჩილეს მხარესაა. ანუ გამოდის, რომ ამ თევზმა მთლიანი ეკვატორი გაიარა აქ მოსასვლელად? სწორედ ისაა საინტერესო, თუ რამ აიძულა მას ეკვატორის გადაკვეთა", - ამბობს ამ თევზის სახეობის ექსპერტი, ნიაგარდი. ის მისი ქსოვილის შესწავლას აპირებს, რათა დაადგინოს, რამდენად ახლოსაა ეს თევზი ავსტრალიაში გავრცელებულ იგივე ჯიშთან.