ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება. საბოლოო ანგარიშში ეუთო მიმოიხილავს არჩევნების პირველ და მეორე ტურს, საარჩევნო გარემოს, ამომრჩევლის ინფორმირებულობის საკითხს და მედიის საქმიანობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

მონიტორინგის ანგარიშის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია, რომ "ეროვნულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მკვეთრად წარმოაჩინა მიკერძოებულობა, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პოზიციაში გამოიხატა და "თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს".

ეუთო ასევე წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სარეკლამო ბაზრის საგრძნობლად შემცირებამ კერძო მაუწყებლების ფინანსური არასტაბილურობა გამოიწვია, რის გამოც გაიზარდა მათი დამოკიდებულება მედიამფლობელებზე. დასკვნაში იბერიასა და რუსთავი 2-ის მაგალითია განხილული.

მონიტორინგი კონტრასტის მიზნით, წერს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა უფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 0,14 პროცენტი მიიღოს დაფინანსების სახით, რაც მას "ყველაზე მეტად დაფინანსებულ მაუწყებლად აქცევს". ასევე მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა უფლება გაყიდოს რეკლამა და ჰყავდეს სპონსორები გასართობ კონტენტისა და სერიალებისთვის.

საბოლოო ანგარიშში ასევე წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლები, პირველი არხი და აჭარის ტელევიზია ყველა კანდიდატს სთავაზობდნენ ერთი და იგივე დროს. ორივე მაუწყებელი მართავდა ხშირ დებატებს და სთავაზობდა კანდიდატებს სივრცეს, სადაც ისინი საკუთარ ხედვენს გააჟღერებდნენ.

ეუთოს მონიტორინგს საბოლოო ანგარიშში მიმოხილული აქვს ის დასკვნები, რომელიც შუალედური ანგარიშის დროს გაავრცელეს. უფრო კონკრეტულად, ეუთო შუალედურ ანგარიშში წერდა: "მიუხედავად იმისა, რომ არხმა სამართლიანად გადაანაწილა ახალი ამბების გაშუქების დრო და შესაბამისად დაახლოებით 30-30 პროცენტი დაუთმო ორივეს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებასა და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ერთად, გაშუქების ტონი მკვეთრად განსხავდებოდა და უმეტესად ნეგატიური იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ მაშინ, როცა ქართული ოცნებისა და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ უფრო დადებითი ან ნეიტრალური იყო".