რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის თქმით, თბილისმა უნდა აირჩიოს ან რეგიონული კეთილდღეობა, ან ევროატლანტიკური კურსი. რუსულ გამოცემა კომერსანტთან ინტერვიუს დროს კარასინმა აღნიშნა, რომ ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მკვეთრმა განცხადებებმა იმატა.

"ისინი ნატოსკენ სწრაფვაზე, ევროპული დემოკრატიის ე.წ. რუსულ საფრთხეებზე და მსგავს თემებზე საუბრობენ. ბუნებრივია, ეს გვაწუხებს. ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ხელს არ უწყობს", — თქვა კარასინმა.

მისივე თქმით, თუ სამხრეთ კავკასიაში ნატოს სამხედრო აქტივობა განვითარდება, ადრე თუ გვიან ეს პრობლემებს მოიტანს:

"ჩვენ გვახსოვს, რით დაიწყო უკრაინული პრობლემები. ამ შემთხვევაშიც საკითხი ანალოგიურად დგას".

27 თებერვალს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი ერთმანეთს შეხვდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე გრიგორი კარასინმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქართველი კოლეგა "უსიამოვნო მოულოდნელობებზე" უნდა გააფრთხილოს.

პრაღის შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა საბაჟო მონიტორინგის შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის შესრულება, ზურაბ აბაშიძის თქმით, "სუბიექტურ და ობიექტურ" სიძნელეებს აწყდება.